ყოველთვის, როცა საფეხბურთო ციებ-ცხელება იწყება, ჩვენი რუბრიკის დღევანდელ სტუმარს, 33 წლის კატოს, მოგონებები თავის ყოფილ ოჯახზე უფრო გაუმძაფრდება ხოლმე.
მოსაგონარი მართლაც ბევრი აქვს, თუმცა მისი ამბავი სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის. როგორი იყო მეგობრების ორმხრივი შურისძიება და რას პატიობენ ქართველი ქმრები ცოლებს, კატოს მონაყოლიდან გავიგებთ.
– მინდა ჩემს ოჯახზე მოგიყვეთ. მეუღლეს 29 წლის ასაკში დავშორდი. დანგრეული ოჯახები საქართველოში აღარავის უკვირს, მაგრამ ჩვენი შემთხვევა მართლაც განსაკუთრებული იყო, სამწუხაროდ. საუბრის დასაწყისში, ალბათ, ის უნდა გითხრათ, რომ ჩემი
მეუღლე, სანდრო, საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო.
ქორწინების შემდეგ ხშირად მღალატობდა და ვითმენდი. იმის პატიებაც შევძელი, რომ თავისი უახლოესი მეგობრის ცოლს გაუმიჯნურდა.
- – ისინი საყვარლები იყვნენ?
– ამის დაზუსტებით თქმა არ შემიძლია, მაგრამ რამდენიმე მესიჯი ვნახე, სადაც სანდრო თავისი ძმაკაცის ცოლს წერდა: – საკუთარ თავს ვეღარ ვერევი, უნდა შევხვდეთ და დავილაპარაკოთო.
მეორე წერილში სიყვარულს უხსნიდა და რაღაცებს ჰპირდებოდა. სანდროს მეგობარს, გიას, იმ პერიოდში მატერიალურად ძალიან უჭირდა და მისი ცოლის “შებმას” საჩუქრებით ცდილობდა.
გიას კი, ალბათ, უხაროდა, რომ გაჭირვების დროს სანდრო გვერდით დაუდგა. მადლიერებას გიას ყოველთვის ვამჩნევდი და მეცოდებოდა. მინდოდა მეთქვა, რა ხდებოდა სინამდვილეში, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა.
არ ვიცი, რისი მეშინოდა, იმის, რომ ოჯახი დამენგრეოდა და შვილთან ერთად ქუჩაში აღმოვჩნდებოდი თუ ასეთი უხამსი საქციელის გამო გია ჩემს ქმარს მოკლავდა.
არ მინდოდა, სანდროს სიკვდილის მიზეზი მე გავმხდარიყავი. გაჩუმება ვარჩიე, თუმცა სანდროს მეგობრის ცოლთან გამიჯნურებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ გიამ ჩვენთან სტუმრობა შეწყვიტა.
სანდრო ამის გამო დაძაბული მეჩვენებოდა, მაგრამ თანდათან ყველაფერი დალაგდა. როგორც ჩანს, ჩემს ქმარს ახალი გატაცება გამოუჩნდა და გია და მისი ცოლი აღარ გახსენებია.
მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. დროს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. სანდრო სამსახურიდან გამოუშვეს, მამაც გარდაეცვალა და ერთ დროს დარდიმანდი, ხელგაშლილი ბიჭი სიგარეტის ფულსაც ვეღარ შოულობდა.
ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანი იოლად გამდიდრების გზებს ეძებს და ჩემმა ქმარმა ტოტალიზატორში თამაში დაიწყო. ხან ერთ ძმაკაცს მიადგა ფულის სასესხებლად, ხან – მეორეს. ხან მოიგო, ხან წააგო.
რაც მთავარია, აზარტში შევიდა და თამაშიც რომ არ იყო, ტოტალიზატორს მაინც ვერ შორდებოდა. ერთ დღეს კი სახლში აღრფთოვანებული დაბრუნდა. მომიყვა, გია ვნახე, ამ წლებში ბევრი ფული უშოვია და დახმარებას დამპირდაო.
- – გია ფულით ეხმარებოდა?
– ერთ დღეს ასი დოლარი მისცა, მეორედ – ორასი. რამდენიმე თვეში კი რვა ათას დოლარამდე ავიდა მისი “დახმარება”. სანდროს ეგონა, მეწველი ძროხა ვიშოვეო და ძველი, მედიდური იერი დაიბრუნა, სახლში ისევ იშვიათად მოდიოდა.
გიას მიცემული ფულის ნაწილს ტოტალიზატორში აგებდა, ნაწილით კი სასმელს ყიდულობდა, ლოთობდა და ერთობოდა. ერთ საღამოს კი, როცა მთვრალი და ქალის პომადით მოსვრილი სახლში მოვიდა, გიაც ფეხდაფეხ მოჰყვა.
სანდროს ყოფილ მეგობარს სახე შეცვლილი ჰქონდა. ძველი თავაზიანობა დაეკარგა და ჩემს ქმარს გამომწვევად მისჩერებოდა. – სანდრო, პრობლემები მაქვს, რაც გასესხე, ის ფული დღესვე უნდა დამიბრუნო.
ჩემი ქმარი ისე შეხტა, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო და ერთბაშად გამოფხიზლდა. – გია, ეს როგორ, ხომ იცი, რომ მე ფული არ მაქვსო. – ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რაც თქვა, თორემ სიტყვები ვერც კი გავიგონე.
გია მშვიდად და დამცინავად უცქერდა: – ჩვენ შევთანხმდით, რომ ნასესხებ ფულს მაშინვე დამიბრუნებდი, როცა დამჭირდებოდა. ახლა დროა, შენი პირობა შეასრულო.
ჩემს ქმარს ფერი დაეკარგა, მიხვდა, რომ გაება, მაგრამ თავის დაძვრენა სცადა. ფეხზე წამოდგა, წელში გაიმართა და ტელეფონი აიღო. რამდენიმე ნომერი აკრიფა და ყურმილი სახეზე მიიბჯინა, თან ისეთი საქმიანი გამომეტყველება მიიღო, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ერთი ზარით გიასთვის დასაბრუნებელ ფულს იშოვიდა.
თხუთმეტი წუთი გავიდა, სანდროს კი ისევ უაზროდ ეჭირა მობილური. გიამ გაიცინა, მე შემომხედა და ჩემს ქმარს უთხრა: – დროს ხვალამდე მოგცემ, ან ფულს დააბრუნებ, ან… შენს ცოლს ერთი ღამით დამითმობ!
- – საინტერესოა თქვენი მეუღლის რეაქცია…
– სანდროსგან ყოველთვის შეურაცხყოფილი ვიყავი, თუმცა ეჭვი არ მეპარებოდა, რომ სხვას ამის უფლებას არ მისცემდა. გიას სიტყვების გაგონებაზე სუნთქვა შემეკრა და თვალებზე ხელი ავიფარე. არ მინდოდა დამენახა, როგორ ახრჩობდა ჩემი ქმარი თავის მეგობარს.
მაგრამ რამდენიმე წამი ოთახში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ სანდროს ხმა ჩამესმა: – ფულის გადახდა არ შემიძლია… სანდრომ პიჯაკს დაავლო ხელი და ქუჩაში გავარდა.
- – ვალის გადასახდელად დაგტოვათ?
– როცა გიასთან პირისპირ დავრჩი, ხელი ჩამჭიდა, ქუჩაში გამიყვანა, მანქანაში ჩამსვა და ქალაქგარეთ ერთ სახლში დამტოვა. თვითონ კი მხოლოდ დილით, გამთენიისას ნასვამი დაბრუნდა.
მაგრამ კონტროლი არ დაუკარგავს, თითიც კი არ დაუკარებია ჩემთვის.
- – თქვენ უკან, ქმართან დაბრუნდით?
– კი. სანდრო შინ დამხვდა. როცა ოთახში შევედი, ერთხანს უსიტყვოდ მომაშტერდა, შემდეგ ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და მითხრა: – ჩემმა მეგობარმა სამაგიერო გადამიხადა, მაგრამ გიამ ხომ აპატია თავის ცოლს ჩემთან ღალატი, მეც გაპატიებ ერთ ღამეს, გაპატიებ, გესმის?..
– იცით, მას შემდეგ ხშირად მახსენდება ეს სცენა და ვფიქრობ, რა უნდა მეპასუხა სანდროსთვის, თუმცა დღემდე ვერ მოვიფიქრე. უბრალოდ, კარისკენ შევბრუნდი და წამოვედი…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..