ახალგაზრდა წყვილებს ჰგონიათ, რომ სიყვარულით მთების გადადგმასაც შეძლებენ, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებთ, მაგრამ ცხოვრება ძალიან სასტიკია, – უყვება ჟურნალ “სარკეს” ახალგაზრდა ქალი, – მას არ უყვარს ოცნება, ფრენა.
ის მიწისკენ გექაჩება და მის ნებას უნდა დაემორჩილო. მე კი ცაში ფრენა მოვინდომე და ახლა ამიტომაც დავხოხავ მიწაზე.
მამაჩემს ერთი კარგი მეგობარი ჰყავდა, სულ ერთად იყვნენ. მამამ მას შვილი მოუნათლა და ამან უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთთან. შვილებიც ვმეგობრობდით, თითქმის სულ ერთად ვიყავით.
მე და მამაჩემის ნათლული განსაკუთრებულად დავმეგობრდით, და-ძმასავით ვიყავით. ერთ დღესაც ერთმანეთს გამოვუტყდით, რომ ჩვენ შორის სხვანაირი გრძნობა იყო, ერთიმეორისკენ დიდი ვნება, დიდი სიყვარული გვიზიდავდა. ეს ისეთი ძლიერი ემოციები იყო, რომ მის წინაშე უძლურნი აღმოვჩნდით.
დიდხანს ვმალავდით ჩვენს სიყვარულს, მაგრამ მერე ამას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ორსულად ვიყავი, ბავშვს კი ვეღარ დავმალავდით. ერთ დღეს მმაჩის ბიუროში წავედით და ხელი მოვაწერეთ.
ეს ამბავი რომ გაიგეს, ყველამ ზურგი გვაქცია. მამაჩემი მთელი 5 წელი არ მელაპარაკებოდა, მეუბნებოდა, ჩემი კაცობა შებღალე, თავზე გადამიარეო.
ქმრის მშობლებმა ხმა კი გაგვცეს, მაგრამ ოჯახში არ შეგვიშვეს. ერთი პატარა ოთახი გვიყიდეს და გვითხრეს, იქ იცხოვრეთ და ჩვენთან მოსვლას ერიდეთო.
დედამთილს შვილზე გული შესტკიოდა. ის და მისი ქალიშვილი ყველაფერში მე მადანაშაულებდნენ, თავბრუ დაახვია, ლოგინში ჩაუწვა და დაორსულდაო. ამბობდნენ, რომ ქმარი ჩემი მსხვერპლი იყო.
ვიცოდით, რომ ჩვენს ერთად ყოფნას კარგი არაფერი მოჰყვებოდა და მზად ვიყავით ბრძოლისთვის, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, უძლურნი აღმოვჩნდით. ამდენი ადამიანს ვერ მოვერიეთ, ჩვენი სიყვარული ვერ დავიცავით და მალევე დავყარეთ ფარ-ხმალი.
ჯერ სინანული მოვიდა, რომ ასეთი რამ გავაკეთეთ, სინანულმა კი ჩვენი სიყვარულიც წაშალა. ერთ ოთახში დავრჩით ორი გაავებული ადამიანი, რომლებიც ერთიმეორეს აბრალებდნენ თავიანთ უბედურებას. ერთიმეორეს ვაყვედრიდით, რომ ჩვენმა ოჯახებმა ზურგი გვაქციეს.
საბოლოოდ ჩვენი ოჯახი დაინგრა. შვილს მარტო ვზრდი. ოჯახი, ახლობლები შემირიგდნენ, მაგრამ სულ მახსენებენ, რომ ოდესღაც შეცდომა დავუშვი. ხან სად ჩამიკრავენ ხოლმე სიტყვას და ხან სად.
მე ყველაფერს შევეჩვიე, მაგრამ შვილი მეცოდება. მას არაფერი დაუშავებია და არ მინდა, მშობლების გამო უხერხულ სიტუაციაში ჩავარდეს, მაგრამ ვიცი, ამას ვერ ასცდება. ოდესმე მას აუცილებლად წამოაძახებენ, რომ აკრძალული სიყვარულის ნაყოფია.
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში…
ყურადღება: ფოტო პირობითია
ჟურნალი “სარკე”