დედა იძულებული გახდა, სამზეოზე გამოეტანა თავისი ოჯახის ტრაგედია და იმედი აქვს, მკითხველის რჩევით, რაღაც გამოსავალს გამოძებნის, თუმცა იქვე დასძენს, – ალბათ, ჩემი შვილი აღარ შეიცვლება და ერთადერთი ის მინდა, რომ ჩემს ოჯახში სიმშვიდემ დაისადგუროსო…
რამ ააფორიაქა ეს ქალბატონი და რატომ ვერ იშორებს დარდს გულიდან, ამას წერილიდან შევიტყობთ….
– ნათქვამია, რასაც შვილი გავნებს, იმას მტერი ვერ გაგიკეთებსო. ორი ქალიშვილი მეზრდებოდა და იმედი მქონდა, მასახელებდნენ, მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო… როდის
დავუშვი შეცდომა შვილების აღზრდაში, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, “მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა”… ისეთი “ბუნებისა”, როგორიც ჩემი უფროსი ქალიშვილია, არავინ გვყოლია საახლობლოში…
მეუღლე ადრე გარდამეცვალა. შვილებისთვის რომ არაფერი მომეკლო, დღე-ღამეს ვასწორებდი. სანამ სკოლაში დადიოდნენ, ყველაფერი კარგად იყო. მერე უფროსმა გოგონამ სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო.
სწავლება ფასიანი იყო, მაგრამ ოღონდ შვილებს ესწავლათ და ყველაზე მძიმე შრომას ავიტანდი… მაია პირველ კურსზე იყო, როცა ჩვენს მეზობელ ბიჭს გაჰყვა ცოლად. სულაც არ მინდოდა, ადრე შეჰბმოდა უღელს და სწავლაში ხელი შეშლოდა, მაგრამ რაღას ვიზამდი? მალე ბავშვი შეეძინათ, მარიამი დაარქვეს. სიძე არ იყო ცუდი ბიჭი, გაგიჟებით უყვარდა ცოლ-შვილი.
მაიამ კი ვერ იგუა ქმრის ოჯახი და ბავშვიანად დაბრუნდა ჩემთან. ქმარი სულ ეხვეწებოდა, დაბრუნდი, ყველა ხელს შეგიწყობსო, მაგრამ ამის გაგონება არ უნდოდა. ვატყობდი, ქმარი არ უყვარდა. მე სულ სამსახურში ვიყავი, პატარა მარიამს ძირითადად ჩემი უმცროსი გოგონა, თეკლა ზრდიდა.
ბავშვი ტკიპასავით იყო მიკრული დეიდაზე, დედას არც კი ახსენებდა. ვბრაზობდი, – რისთვის გათხოვდი, იმისთვის, რომ ბავშვი გაგეჩინა და მერე შენი დისთვის მიგეგდო-მეთქი? ამაზე ერთი პასუხი ჰქონდა, – ერთი შეცდომა ყველას ეპატიებაო. გავიდა დრო, ქმარი დაიღალა ხვეწნით და გაშორდა. მალე მეორე ცოლი მოიყვანა.
ჩემმა შვილმა დაამთავრა სასწავლებელი და იმის ნაცვლად, რომ მუშაობა დაეწყო და რაღაცაში შემხიდებოდა, შინ დაჯდა. მისთვის მთავარი იყო გართობა, შვილი არც ანაღვლებდა. ხან ერთ დაქალთან მიდიოდა, ხან მეორესთან.
ყოველდღე კარგი სამსახურივით ჰქონდა გამოწერილი ვინმესთან სტუმრობა და გართობა. ერთხელაც თეკლამ მითხრა, – მაიას ბიჭები აკითხავენ და მანქანით მიჰყავთ, მე არაფრად მაგდებს და ეგებ, შენ დაგიჯეროს, სირცხვილია, მთელი სამეზობლო ჩვენზე ჭორაობსო. ტვინში კინაღამ სისხლი ჩამექცა… სამწუხაროდ, თეკლა მართალი გამოდგა.
მაიამ არ უარყო, რომ ბევრი “თაყვანისმცემელი” ჰყავდა. დიახაც, ხან ერთს გავყვები, ხან მეორეს, ხან მესამეს, რომ უკეთ გავიცნო ისინი და საუკეთესო ავარჩიოო. ნაცნობი ჩავრიე და მაიას სამუშაო ვუშოვე – ჟურნალ-გაზეთების ჯიხურში.
ხელფასი იმდენად არ მადარდებდა, ოღონდ წანწალის დრო არ ჰქონოდა. მაგრამ ვალი დაიდო, დროს ტარებას არ იკლებდა, შემოსულ თანხას თავისი სიამოვნებისთვის ხარჯავდა. მისმა უფროსმა შინ მომაკითხა და მითხრა, – თუ დროზე არ დაფარავთ ვალს, მაიას დაიჭერენო.
დეიდაჩემმა, რომელიც დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა და უშვილო იყო, თეკლას სახლი აჩუქა. რაღას ვიზამდი – ის სახლი გავყიდე და მაიას ვალი დავფარე. მეგონა, ჭკუას ისწავლიდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე.
სამეზობლოსა და ნათესავებში ფულს ისესხებდა, მერე კი აღარ აბრუნებდა და ყველაფერი ჩემი თავში საცემი იყო. ერთხელ, ერთმა ნათესავმა, რომელმაც ჯერ კიდევ არ იცოდა მაიას ოინების შესახებ, თავისი გულუბრყვილობით ძვირფასი სამკაულები აჩვენა სტუმრად მისულს.
როცა დიასახლისი სამზარეულოში გავიდა, მაიამ სამკაულები აიღო და ბინიდან გამოიპარა. იმ ნათესავმა პოლიციაში განაცხადა და მაიას ერთი წლით შეუფარდეს სასჯელი. ის ერთი წელი დარდით, თუმცა შედარებით მშვიდად ვიყავით.
გათავისუფლების შემდეგ ძველებურად გააგრძელა ცხოვრება, შინ გვიან ბრუნდებოდა, ან ორი-სამი დღე იკარგებოდა.
შვილი არც კი ახსოვდა. არადა, გოგონას დედა სჭირდებოდა… მერე რომ დავფიქრდი, მივხვდი, ასეთი არც შვილი, არც დედა სჭირდება ადამიანს… მისი მევალეები კვლავ მე მთხოვდნენ ფულს. მოკლედ, სიცოცხლე აღარ მინდოდა.
ერთხელ მაია შინ გვიან დაბრუნდა და თან მოიყოლა ვიღაც უცნობი ახალგაზრდა კაცი. გამეცნო, – ავთო მქვიაო და ქალიშვილის(!) ხელი მთხოვა. არ მესიამოვნა გვიანი სტუმარი. თან ასეთი “ავთო” რამდენი გამოიცვალა მაიამ, ვინ იცის, ამიტომ ვუთხარი, – არ აჩქარდე, კარგად გაიცანი ჩემი შვილი და ისე შეირთე ცოლად, მისი წარსულიც გაიკითხე-მეთქი.
ავთომ – მე მაია მიყვარს და მისი წარსული არ მაინტერესებსო. მივხვდი, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული, ამიტომ გამოვუცხადე, – თუ ცოლად მოგყავს, წაიყვანე და შენთან გყავდეს, აქ არ გაცხოვრებთ-მეთქი.
მაიამ ამაზე გაიცინა და მომიგო, – ცოტა ხანს ვიქნებით და მერე მოგშორდებით, ნუ გეშინიაო. როგორც ავთომ მითხრა, იგი სამხედრო პოლიციელი იყო, სამსახურიც ჰქონდა და ბინაც. იმ საღამოს დარჩნენ, არც მეორე დღეს წასულან. “დღეს-ხვალ” ძახილში ერთი თვე გავიდა.
მერე “ცოლ-ქმარს” ვკითხე, – როდის გადადიხართ, უკვე ერთი თვე გავიდა-მეთქი. ამის თქმა იყო და “სიძე” უშვერი სიტყვებით მომდგა, – ტვინს გაგასხმევინებ, შენს სისხლს დავლევ… მე ვიცი, ვისთვისაც გინდა ეს ბინა და არ გეღირსება ეგ, მეხუთეE სართულიდან გადაგაგდებო…
მაია ჩუმად იყო. იძულებული ვიყავი, პოლიციაში გამეცხადებინა, – უცხო ადამიანი ჩემი ბინიდან არ მიდის და თან მოკვლით მემუქრება-მეთქი. პოლიციაში ორივე დაიბარეს, მაგრამ არ გამოცხადდნენ. იმ ჩხუბის შემდეგ სამი დღით სადღაც გადაიკარგნენ, მერე ისევ დაბრუნდნენ.
მაიას ვკითხე, – რატომ დაბრუნდით-მეთქი. შვილმა ხმა არ გამცა, ავთომ კი ისევ დამიწყო ლანძღვა. თეკლა გამომესარჩლა, – დედას რატომ შეურაცხყოფო. ახლა მას მივარდა და ცემა დაუწყო. შეშინებულმა მარიამმა წივილ-კივილი ატეხა, მეზობლებმა პატრული გამოიძახეს.
ხუთ წუთში გაჩნდნენ პოლიციელები, გამხეცებული ავთო გააჩერეს, მაგრამ მათ უცებ ხელიდან დაუსხლტა, ჩემკენ გამოექანა და ისე დამარტყა, იქვე ჩავიკეცე. ძლივს მომასულიერეს. გასაოგნებელი ის იყო, რომ მაიას ეს ყველაფერი უხაროდა, ასე თქვა, – რისი ღირსებიც იყვნენ, ის მიიღესო…
თურმე, როცა საკუთარი შვილი გადაგვარდება და მტრად მოგეკიდება, მისგან ყოველნაირ უბედურებას უნდა ელოდე. ავთო და მაია იმ საღამოსვე წაიყვანეს პოლიციაში და ხელწერილი დააწერინეს, რომ აღარ გაგვეკარებოდნენ, თორემ დააპატიმრებდნენ. ისინი გამოუშვეს, მაგრამ ჩვენთან აღარ მოსულან. მაიას ნივთები გარეთ გავუყარე.
მარიამი 14 წლისაა და თავზარდაცემულია მომხდარით. სამივეს გვეშინია, რომ ერთხელაც კვლავ არ მოგვადგეს თავისი საეჭვო ნაცნობებით და რამე არ აგვიტეხოს. ყოველი დღე შიშით თენდება და ღამდება. შეიძლება გამამტყუნოთ, შვილი როგორ მოიძულა და გააგდოო, მაგრამ 15 წლის განმავლობაში ცდა არ დამიკლა იმისათვის, რომ გონებადაბნელებული ოჯახისკენ მომებრუნებინა.
არაფერი გამოვიდა. არ მინდა, მარიამი დედის აღვირახსნილობას უყურებდეს. ის ძალიან კარგი ბავშვია, მე და დეიდამისი უსაზღვროდ ვუყვარვართ, კარგადაც სწავლობს და ვცდილობ, ნორმალური პირობები და მომავალი შევუქმნა.
გამოგიტყდებით, ასეთი შვილის ყოლას, მერჩივნა, მომკვდომოდა… ალბათ, ვცოდავ, მაგრამ ახლა მხოლოდ მათზე ვფიქრობ, ვინც ნამდვილად ღირსია ნორმალური და მშვიდი ცხოვრებისა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..