არასოდეს დამავიწყდება, დედამთილთან პირველი შეხვედრა. საყვარელ მამაკაცს ისე გავყევი ცოლად, მისი ოჯახის წევრებს პირადად არ ვიცნობდი.
პირველივე ნახვისას დედასავით ჩამიკრა გულში და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ შვილი არ მყავს, ბებია ვერ გავხადე და შვილიშვილს ვერ ეფერება, ჩემს თავს იფიცებს.
ქმართან რომ დაძაბული ურთიერთობა მქონდა, სულ ჩემს მხარეს იდგა, გვერდიდან არ მცილდებოდა და მაიმედებდა.
მართალია, ჩემი ქმარი მიყვარდა, მაგრამ მისმა ფლირტაობებმა და სასიყვარულო რომანებმა დამღალა. ბოლოს, აღარც მერიდებოდა და ჩემს წინაც კი აშკარად ელაპარაკებოდა ტელეფონით.
ღამით სახლში არ მოსვლასაც რომ მოუხშირა, მაშინ მოუვიდა კამათი დედასთან, მანამდე ჩემი დედამთილი თავს იკავებდა. არადა, მისი ჩხუბი, აგერ უკვე ექვსი წლის რძალი ვარ და არ მახსოვს.
მოკლედ, ისე იკამათეს, ლამის ცემაზე გადავიდნენ. ჩემი დედამთილი ეჩხუბებოდა: ანგელოზივით ცოლი გყავს და რაებს კადრულობ, შენ მაგივრად მე მრცხვენია, რომ ადგეს და წავიდეს, იცოდე, თავს მოვიკლავ, ნუ უშლი ამ გოგოს ნერვებსო.
ჩემი ქმარი კი ღრიალებდა: რას ერევი ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ცოლია და მე მივხედავ, კაცი ვარ ბოლო-ბოლო, ისევ ბავშვი ხომ არ გგონივარ, გადაიბირებ ჩემს ცოლს და ორივეს დაგხოცავთო.
მოკლედ, იმ საღამოსვე მიიღო გადაწყვეტილება ჩემმა ქმარმა, იმ ბინაში გადავსულიყავით, რომელიც თბილისის გარეუბანში, წლების განმავლობაში დაკეტილი ჰქონდათ.
მითხრა: დამღალა დედაჩემის ცხვირის ჩაყოფებმა ჩვენს საქმეში, ხვალვე ჩაალაგე ტანსაცმელი და გადავიდეთო. არაფერი მიპასუხია, ვიცოდი, აზრი არ ჰქონდა რამის თქმას.
გაბრაზებულზე უარესად გაღიზიანდებოდა და ვიფიქრე, რომ გათენდება, მერე დაველაპარაკები, რომ არასწორად იქცევა-მეთქი. დილით, ისე დილაადრიან გაიხურა კარი, არც კი მოუხედავს უკან. დედამთილს დავუჯექი და ყველაფერი ვუთხარი, არ დამიმალია.
ვთხოვე: არაფერი უთხრა, გაბრაზებულია და გადაუვლის, მე არსად არ ვაპირებ გადასვლას-მეთქი. კარგიო, შემპირდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, არ დაიხია ჩემმა ქმარმა უკან, არც მე დავთმე და თავად წაბრძანდა მარტო.
სულ რაღაც ერთ თვეში გავიგეთ, რომ ვიღაც გოგო მიუყვანია და მასთან ერთად ცხოვრობდა. ამაზე დედამისი ისე ცუდად გახდა, კინაღამ წნევამ დაარტყა. ცხარე ცრემლებით ტიროდა: რა დავაშავე ასეთი შვილი რომ მყავს, ან შენ რას გერჩოდა, შენ უფრო მეცოდებიო.
ასეა თუ ისე, მე არ ვაპირებ ვაპატიო ეს შეურაცხყოფა და არც დედამისის ცრემლებს შევარჩენ. ბევრი არ დაიჯერებს, მაგრამ ჩემი დედამთილის გამო, ბვერ რამეზე ვარ წამსვლელი.
ქალს, რომელმაც საკუთარი შვილი უარყო და ჩემი თავი ამჯობინა, მარტო როგორ დავტოვებ? თავადაც ამბობს: ასი ცოლი რომ მოიყვანოს, არცერთს არ მივიღებ, შენ ჩემთან იქნები, როგორც ქალიშვილი, ისე გთვლი და იმას, თავში ქვა უხლიაო.
ვინც გაიგო, რომ ქმარი სახლიდან წავიდა და დედამთილთან დავრჩი, ზურგს უკან ღლიცინებენ და დამცინიან: ეს გოგო არანორმალურია, ქმარს დედამთილი როგორ ურჩევნიაო.
დედამთილებისა და რძლების ურთიერთობა, ძირითადად, დაძაბულ და ცუდ კონტექსტში მოიაზრება, მაგრამ ჩვენ მართლა დედაშვილური ურთიერთობა გვაქვს და თუ ეს არ გამოუცდია ადამიანს, ის ვერც გამიგებს.
როგორც გავიგე, ის გოგო ორსულად ყოფილა და აი, მერე რა იქნება, არ ვიცი. იქნებ, შვილიშვილს რომ დაინახავს, ჩემს დედამთილს ის გოგოც შეუყვარდეს. ამაზე ფიქრი მტანჯავს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ნატა, 28 წლის.