სტუდენტობიდან მოყოლებული, დაქალებს ტრადიციად გვაქვს, ახალი წლის დღეებში რესტორანში ვიკრიბებით და დროს ერთად ვატარებთ.
გოგონები შარშან, ახალი წლის მერეც შევიკრიბეთ და კარგად გავერთეთ. მოპირდაპირე სუფრაზე მამაკაცები ქეიფობდნენ. ორი ქალბატონიც ახლდათ. შევამჩნიე, რომ ერთი მამაკაცი გაშტერებით მიყურებდა, რომ იტყვიან, თვალებით „შემჭამა“. მერე კი, საცეკვაოდ რომ ავდექი, მოვიდა და გამეცნო.
ცუდი არც მიფიქრია. ყველა კარგ ხასითზე იყო და ვიფიქრე, თუ უცხო მამაკაცს ვეცეკვე, რა მოხდა-მეთქი. მოკლედ, ისე მოხდა, სასმელმა თავისი ქნა და ახლად გაცნობილი ადამიანისთვის არც ტელეფონის ნომერი დამიმალავს და არც მასთან ცეკვა მომიკლია.
რომ დავიშალეთ, მოვიდა, ხელზე მაკოცა და ჩუმად მითხრა: მე შენ არ დაგკარგავო. ამის მერე, ზუსტად ერთ კვირაში დამირეკა. ჩემი ქმარი სახლში იყო და უცხო ნომერს ვერ ვუპასუხე.
თუმცა, გულმა მიგრძნო და მივხვდი, ვინც იქნებოდა. როგორც კი განვმარტოვდი, გადავურეკე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძველით ახალ წელს ერთმანეთს ისევ რესტორანში შევხვდით, მაგრამ მხოლოდ ჩვენ ორნი. როგორც აღმოჩნდა, ცოლიანი იყო და პირველად რომ გავიცანი, რესტორანში, სუფრასთან მისი ცოლიც მჯდარა.
მოკლედ, ჩემს ქმარს ვუთხარი, ნატასთან დაქალები ვიკრიბებით ძველი ახალი წლის აღსანიშნავად და დამაგვიანდება-მეთქი. უარი არ უთქვამს.
თავად, სამსახურში იმდენად იღლება, ახალი წლის აღნიშვნის თავი კი არა, საწოლამდე დასაძინებლად ძლივს მიდის. მე და ნიკამ კი ძველით ახალი წლის აღნიშვნა რესტორანში დავიწყეთ და მერე, მის ბინაში გავაგრძელეთ.
მისი ცოლი რაიონიდანაა და თავის მშობლებთან იყო წასული. ამ დღის მერე, ხშირად ვხვდებით. ამ ურთიერთობას მეგობრობა არ ჰქვია, უფრო სიყვარულია და გრძნობა, რაც ქალსა და მამაკაცს შორის ხდება.
სიმართლე გითხრათ, იმდენად კარგი ქმარი მყავს, ისე მანებივრებს და მატერიალურადაც უზრუნველმყოფს, მისი დაკარგვა არ მინდა.
თან, მიყვარს კიდეც. სულ ვამბობდი, ნეტავ იმ ქალების ტვინში ჩამახედა, რომ ამბობენ, ორი კაცი ერთნაირად მიყვარსო. მსგავსი რამ წარმოუდგენლად მიმაჩნდა, მაგრამ სანამ არ გამოვცადე, მანამდე ვფიქრობდი ასე.
ახლა ქმარიც და ნიკაც ერთნაირად მიყვარს. მეუღლესთან დაშორება არ მინდა, რადგან ის რასაც მიკეთებს, ნიკა მის ნახევარს ვერ შეძლებს.
ამისთვის ხელფასი ნამდვილად არ ეყოფა. თან, ნიკას ცოლი საშინელი ქალია და ვიცი, რომ გაიგოს, სკანდალებს მოაწყობს, არ მომასვენებს და გამაწამებს.
მართალია, ჩემი ქმარი ღალატისთვის მენანება, მაგრამ, რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და თუ ორი კაცი მიყვარს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ. ყოველ შემთხვევაში, შემიყვარდა და ეს დანაშაული არ არის. მე, ასე ვფიქრობ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღბა: ფოტო პირობითია
ნანუკა, 32 წლის.