ერთხელ მამა შინ გვიან დაბრუნდა სამსახურიდან, როგორც ყოველთვის დაღლილი და მოღუშული, და დაინახა, რომ კარში ხუთი წლის ვაჟი ელოდა.
– მამა, შეიძლება, რაღაც გკითხო?
– რა თქმა უნდა. რა მოხდა?
– მამა, რამდენს იღებ?
– ეს შენი საქმე არ არის! – აღშფოთდა მამა, – ან რაში გჭირდება?
– უბრალოდ მინდა ვიცოდე. გთხოვ, მითხარი, რამდენს იღებ ერთ დღეში?
– დაახლოებით 50-ს. რა გინდა?
– მამა… – შვილმა ძალიან სერიოზული თვალებით ამოხედა ქვემოდან ზემოთ, – მამა, შეგიძლია, 30 დოლარი მასესხო?
– მაგიტომ მეკითხები, რომ რაღაც სულელური სათამაშოსთვის მოგცე ფული? –
აყვირდა მამა. – ახლავე გაიქეცი და დაწექი!.. როგორ შეიძლება, ასეთი ეგოისტი იყო? მთელი დღე ვმუშაობ, საშინლად ვიღლები, შენ კი ასე სულელურად იქცევი.
ბიჭუნა გაიქცა და თავის ოთახში შეიკეტა. მამა კარში გაშეშდა, კვლავ ბრაზობდა შვილზე. “როგორ ბედავს ხელფასზე მკითხოს და მერე ფული მთხოვოს?” თუმცა ცოტა ხანში დაწყნარდა და საღად დაიწყო აზროვნება:
“იქნებ მართლა რაღაც მნიშვნელოვანი უნდა იყიდოს. ერთი იმ ოცდაათი დოლარისაც, ვითომ არ მქონია. თან არასდროს უთხოვია ჩემთვის ფული”.
ბავშვთან რომ შევიდა, ის უკვე საწოლში იწვა.
– გძინავს უკვე? – ჰკითხა.
– არა, მამა. უბრალოდ ვწევარ, – უპასუხა ბიჭმა.
– მგონი ძალიან უხეშად გიპასუხე, – თქვა მამამ, – მძიმე დღე მქონდა და ნერვები დაწყვეტილი მაქვს. მაპატიე. აი, აიღე ფული.
ბიჭი საწოლზე წამოჯდა და გაიღიმა.
– მამა, დიდი მადლობა! – მხიარულად წამოიძახა.
მერე ბალიშის ქვეშ შეაცურა ხელი და რამდენიმე ტკიცინა ქაღალდის ფული გამოაძრო.
მამამ რომ დაინახა, ბავშვს უკვე ჰქონდა ფული, უარესად გაბრაზდა. ბავშვმა კი ფული მშვიდად დათვალა, მერე კი ისევ შეხედა მამას.
– რატომ მთხოვდი ფულს, თუ უკვე გქონდა? – შეუღრინა მამამ.
– იმიტომ, რომ არ მყოფნიდა. ახლა კი ზუსტად მაქვს, – უპასუხა ბიჭმა, – მამა, აქ ზუსტად ორმოცდაათია. შეიძლება, შენი დროის ერთი საათი ვიყიდო? გთხოვ, ხვალ სამსახურიდან ცოტა ადრე მოდი, მინდა, რომ ჩვენთან ერთად ივახშმო.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია