რვა კლასის მეტი მართლა არ ჰქონდა დამთავრებული შუშანას გივის ისეთი სიმწარე ანახა პირველმა ცოლმა, რომ ქალის სახლიდან გაშვების შემდეგ, ყველას აუკრძალა მის დაქორწინებასა და ოჯახის შექმნაზე საუბარი. თავიდან არც დედა აძალებდა:
მან კიდევ უფრო მეტი სიმწარე იგემა რძლისგან, რომელიც ლუკმას აყვედრიდა და საერთო სუფრასთან დაჯდომასაც უკრძალავდა, – გაუნათლებელი ხარ და შენი ცქერა ჭამის მადას მიკარგავსო.
რვა კლასის მეტი მართლა არ ჰქონდა დამთავრებული შუშანას (ვერაფრით გაიგო, რა კავშირი ჰქონდა მის განათლებას რძლის მადასთან), მაგრამ ამას მისთვის სულაც არ შეუშლია ხელი იმაში, რომ კარგი დიასახლისი ყოფილიყო და ადრე დაქვრივებულს, ერთადერთი შვილიც სასახელო გაეზარდა:
გივიმ ინსტიტუტი წითელ დიპლომზე დაამთავრა და ისეთი მარიფათი გამოიჩინა, ყველამ რომ დაკარგა სამსახური, მაშინაც კი არ დარჩენილა უმუშევარი: საკუთარი საადვოკატო ფირმა გახსნა და კლიენტიც არასოდეს მოჰკლებია.
სახლიც ახალი ააშენა და მანქანაც პირველმა შემოიყვანა რაიონში ისეთი, რომ მის სანახავად შორიდანაც მოდიოდა ხალხი…
ოცდაათი წლის იყო, თვრამეტი წლის გოგო რომ გაურიგეს. კი იეჭვა: ეგ ფულისა და სიმდიდრის გამო უფრო მომყვება, ალბათო, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ცდუნებას, რადგან შორენა მართლა უნაკლო გოგო იყო.
დიდი ქორწილიც გადაიხადა და პარიზშიც ამოგზაურა ახალგაზრდა ცოლი, მაგრამ მაინც ვერ მოიგო მისი გული. შინ დაბრუნდნენ თუ არა, დედის სახლიდან გაშვება მოსთხოვა: პარიზის შემდეგ განსაკუთრებით აუტანელია ბებერი დედაშენის გვერდით ცხოვრება.
ნაცნობები ბლომად გყავს და მოხუცთა თავშესაფარში უშოვე ადგილიო. არადა, მაშინ შუშანა სამოცი წლის იყო, ასაკი კი მძიმე ახალგაზრდობის გამო ეტყობოდა და ეს გივიზე უკეთ არავინ იცოდა.
ცოლს მკაცრად უთხრა: დედას ნამდვილად ვერ შეველევი და ვერ ვაკადრებ სახლიდან გაშვებას! თუ გინდა, შენ დაგაბრუნებ იქ, საიდანაც წამოგიყვანეო…
ისე აელეწა ქალს სიბრაზისგან სახე, რომ შტერიც მიხვდებოდა, როგორ სძულდა ქმარიც და დედამთილიც, მაგრამ რადგან სიტყვით აღარაფერი უთქვამს, გივიმაც დაიხია უკან: მიხვდება, ჩემთან ასეთები რომ არ გაუვაო.
მაგრამ ცოტა ხანში ისეთი რამეები დაატრიალა შორენამ, წარმოდგენაც რომ არ შეეძლო კაცს: დედამთილი ხომ დააშინა და ოთახიდან აღარ გამოდიოდა საწყალი ქალი, იმის შიშით:
მე არ გავხდე გივის ოჯახის დანგრევის მიზეზიო, მალე სტუმრის მოსვლაც შეაჯავრა, რადგან ყველა მამაკაცს ქმრის თვალწინ ეკეკლუცებოდა. თავის ქმედებაზე კი თავადვე იცინოდა: ჩემი “ბებერი” ქმარი გაგებით ეკიდება ჩემს ბავშვურ სისულელეებსო…
მეგობრებმაც ამოიკვეთეს მისი ოჯახიდან ფეხი – არც მათ სურდათ გივის ოჯახური უსიამოვნების მიზეზად ქცეულიყვნენ…
საბოლოო წერტილი კი მაინც, ის იყო, როცა ქმრის დაუკითხავად გაიკეთა აბორტი: რა დროს ჩემი ბავშვია, როცა თავადაც ბავშვი ვარ და ახლა მიხარია სიცოცხლეო…
გააგდო გივიმ სახლიდან და სასამართლოში უჩივლა გოგომ, რომელმაც გაყრის საბუთებს მანამ არ მოაწერა ხელი, ვიდრე კაცმა სახლი არ უყიდა და ბიზნესის ნაწილიც არ დაუთმო…
რა გასაკვირია, ამის შემდეგ ქალთმოძულე გამხდარიყო და ალბათ, უცოლოდაც გადაეგებოდა, დედას რომ არ ეთქვა:
თუ ცოლს არ შეირთავ, წავალ და წყალში გადავვარდები, ჩემს სიცოცხლეს რა აზრი აქვსო?.. შუშანაზე კარგად არავინ იცოდა მარტოობისა და უსიყვარულობის საშინელება.
ორმოცი წლის იყო, დედის შერჩეული ნანა, ორმოცს მიღწეული ქალი რომ შეირთო. პირველი ცოლისგან დაშინებულს, არც ქორწილი გადაუხდია და კარგა ხანს ქმრის მოვალეობების შესრულებაც გაუჭირდა.
შუშანას თავიც რომ წამოსტკივებოდა, დაეჭვებული ეკითხებოდა: ჩემმა ცოლმა ხომ არაფერი დაგიშავაო? არ იჯერებდა დედისგან ნანას შექებას და დალოცვას: ცუდს რა მათქმევინებს, ღვთისნიერი ქალია, მაგის გამზრდელმა გაიხაროს, თავი ადამიანად მაგრძნობინაო…
ნანა მართლა თვალებში შესციცინებდა ქმარსაც და დედამთილსაც. გაფიქრებული არ ჰქონდათ, რომ მათი სურვილის ასასრულებლად გარბოდა. სახლიც მუდამ წესრიგში ჰქონდა და გივის მეგობრებიც დააბრუნა ოჯახში, თავისი კარგი ქალობით.
სამ წელიწადში ორი ვაჟიც აჩუქა ქმარს და ისე წამოზარდა, არც ძიძა მოუთხოვია და არც ვინმე შეუწუხებია, – დავიღალე, მომეშველეთო… ყველამ შეამჩნია მისი კარგი ქალობა და გივის დაუფარავად ეუბნებიან:
ბედნიერი კაცი ხარ, რომ შორენას შემდეგ ასეთი ქალი შემოვიდა შენს ოჯახშიო, მაგრამ გივი მაინც ვერ თავისუფლდება შიშისა და ეჭვებისგან: ისე სჭირს, რძით დამწვარი ბავშვი წყალსაც სულს უბერავდაო, რომ ამბობენ და ეჭვიანი მზერით უცქერს ცოლს.
ამოუჩემებია, ახალი ცოცხი კარგად გვისო, არადა, ათი წელიწადი გავიდა ამასობაში და ერთხელაც არ შეშლია ნანას რამე.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ავტორი: ინგა ჯაყელი; სტატია მომზადებულია ჟურნალ გზაში გამოქვეყნებული წერილის მიხედვით..