ქორწინებიდან 5 წლის თავზე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ძალიან მინდოდა, პირველი ორსულობა დაგეგმილი ყოფილიყო და ასეც მოვიქეცი.
მე და ჩემმა მეუღლემ თანაცხოვრების დასაწყისში მოვახერხეთ საკუთარი თავის რეალიზება პროფესიაში, მოვაგვარეთ საცხოვრებლის საკითხი და დავსახეთ სამომავლო გეგმები. ორსულობის 9 თვემ გართულებების გარეშე ჩაიარა, ვიყავი აქტიური, ვმუშაობდი და ბევრსაც ვმოგზაურობდი.
შვილის გაჩენას მოუთმენლად ველოდი. შემოდგომის შუა რიცხვებში, ექიმის მიერ დანიშნული თარიღისთვის, შევძელი ძალიან სასიამოვნო მოგზაურობიდან დაბრუნება, დაბადების დღის აღნიშვნა, ახალი ბინის მოწყობა
ბავშვისთვის და ყველაფრის მომზადება. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ მშობიარობის შემდეგ ხმაურიანი ქალაქის ცენტრიდან, გარეუბანში, უფრო მშვიდ და სასიამოვნო ადგილას გადავსულიყავით.
ჩემი პირველი შვილის დაბადება არასდროს დამავიწყდება: ქუჩაში ხეები ოქროსფერი ფოთლებით იყო მორთული, ამინდი თბილი და მზიანი იყო. არაფრის მეშინოდა, საავადმყოფოში სიხარულით მივედი, გზაში კი ჩემს საყვარელ მუსიკას მოვუსმინე.
მშობიარობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა, თუმცა ყველაფერი დამავიწყდა, როცა ჩემი შვილი დავინახე. იმის განცდამ, რომ დედა ვიყავი, დამავიწყა გაშეშებული ფეხი და უზარმაზარი ჭრილობა ჩემს მუცელზე.
შემომთავაზეს, რომ ბავშვს ღამით წაიყვანდნენ და მე თავისუფლად დასვენებას შევძლებდი, მაგრამ უარი ვთქვი. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. მეორე დღესვე არაერთმა პრობლემამ იჩინა თავი -კვებას შორის შუალედი ძალიან მცირე იყო, მე კი ყოველთვის არ მქონდა რძე. მას ბოთლიდან ჭამა არ შეეძლო და ბევრს ტიროდა.
გაღიზიანებული, დაღლილი და უძილო ვიყავი, ამის ფონზე კი, სამედიცინო პერსონალი უხეშად მექცეოდა. ჩემთვის ბავშვის კვება ტანჯვად იქცა და მინდოდა, მეც მეტირა. მეორე ღამე სამშობიაროში კიდევ უფრო მტკივნეული იყო. პალატაში მარტო ვიყავი და მთელი ღამე ფანჯარასთან გავატარე.
თავს დამნაშავედ ვგრძობდი, რადგან ამ პასუხისმგებლობას ვერ ვუმკლავდებოდი. მესამე დღეს წინასწარ მეშინოდა დაღამების და წარმოდგენაც არ მინდოდა, რა მელოდა წინ. შურით ვუყურებდი იმ დედებს, რომლებიც შვილებს აძინებდნენ და შემდეგ დერეფანში ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.
საავადმყოფოდან გაწერის პირველი დღეები რთული არ ყოფილა. ჩემი ქმარი ყველაფერში მეხმარებოდა, მაგრამ მე მოძრაობა, დაწოლა და ადგომა ძალიან მიჭირდა. თავში სრული არეულობა მქონდა, მუდმივად ვღელავდი ჩემს ორგანიზმში კალციუმის რაოდენობაზე, მაშინებდა იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა, კბილებისა და თმის პრობლემები შემქმნოდა.
ვიჯექი და ვტიროდი, მაგრამ არ ვიცოდი რა მატირებდა. არ მინდოდა ჩემს შვილთან მარტო დარჩენა. მშობლის მოვალეობას მექანიკურად ვასრულებდი და იმის სურვილიც კი არ მქონდა, რომ მისთვის გამეღიმა ან მოვფერებოდი.
მზად ვიყავი, დღეში შვიდჯერ წავსულიყავი მაღაზიაში, მომემზადებინა სამნაირი სადილი, დამესუფთავებინა სახლი ყოველ დღე ოღონდ ჩემს შვილთან მინიმალური კონტაქტი მქონოდა.
მეგობრები შორს ცხოვრობდნენ და ჩემს დახმარებას ამ რთულ პერიოდში ვერ ახერხებდნენ. მშობლების ვიზიტმა და ფრაზებმა, რომ ახლა არსებობს სარეცხის მანქანა, საფენი, ხელოვნური საკვები და ყველაფერი ბევრად მარტივია, მდგომარეობა კიდევ უფრო გამირთულა.
ერთ დღეს, როცა შხაპის მიღება მინდოდა, ბავშვი ჩემი საწოლის შუა ნაწილში მძინარე დავაწვინე. მან გაიღვიძა, მოახერხა კიდესთან მიახლოვება და გადმოვარდა.
საბედნიეროდ, არაფერი დაშავებია, თუმცა ამ ფაქტმა მძიმე დეპრესიაში ჩამაგდო. დეპრესიის დასაძლევად უამრავ ხერხს მივმართე, შვიღებე და შევიჭერი თმა, ვიყიდე ახალი ტანსაცმელი, შევცვალე ავეჯის განლაგება ოთახში, თუმცა ამაოდ.
ერთადერთი, რაც დამეხმარა, ეს სოციალურ ქსელში გაჩენილი ახალი ნაცნობები და მეგობრები იყო.
ამის შემდეგ უფრო მეტი დრო დავუთმე საკუთარ თავს, იმას, თუ რა მომწონდა და რა არა. დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო, მანამდე ეტელევიზორს წელიწადში ერთხელ თუ ჩავრთავდი, ახლა კი უამრავი საინტერესო პროგრამა აღმოვაჩინე.
ჩემმა შვილმა სიარული ძალიან მალე ისწავლა და მეც მომეხსნა მასთან მარტო დარჩენის შიში. აღარ ვფიქრობი, რომ შეიძლება საწოლიდან კიდევ გადმოვარდნილიყო და რაიმე დაეზიანებინა. ზაფხული ზღვის პირას გავატარე და დავტკბი წარმოუდგენლად ლამაზი პეიზაჟებით.
როცა ბავშვი ერთი წლის გახდა, თავდაჯრებულობა უფრო მომემატა. დავიწყე იოგას ვარჯიში და ინგლისური ენის სწავლა. პატარასთან ერთად ხშირად დავდიოდით თეატრში და ეს მეც დამხმარა, ჩემი ემოციები და ფიქრები ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის გამეზიარებინა.
მეორე შვილის გაჩენისას ემოციების ისეთივე ზღვა არ განმიცდია, როგორც პირველად, თუმცა ყველაფერი გაცილებით მარტივი და სასიამოვნო გახდა. არ მინერვიულია ლაქტაციის პრობლემებზე, ვიცოდი, რომ სულ მალე ყველაფერი მწყობრში ჩადგებოდა.
ვიძინებდი ჩემს შვილთან ერთად და ღამეებს თეთრად აღარ ვათენებდი. გაცილებით მარტივად შევძელი სახლის საქმეებისა და ბავშვების მოვლის დაბალანსება ისე, რომ საკმარისი დრო ჩემი თავისთვისაც დამრჩენოდა.
როგორც აღმოჩნდა, პირველი მშობიარობის დეპრესია ცხოვრების კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის, რომელიც ჩემი სურვილების, მიზნების, ინტერსების აღმოჩენასა და საკუთარი თავის პოვნაშიც კი დამეხმარა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო: სტატია მომზადებულია მარაო.გე ზე გამოქვეყნებული წერილის მიხედვით.