მოქალაქე დავით ჩქოტუა სოციალურ ქსელში ყვავილების გამყიდველი ბებოს შესახებ წერს, რომელსაც საპრეტესტო აქციის მიმდინარეობისას ყვავილების ქოთანი გაუტყდა.
“კი, ტრაგედია იყო ეს ყველაფერი. მაგრამ… “ერთ პატარა(დიდ) ტრაგედიაზე მინდა გიამბოთ, რომელიც ამ ყველაფრის ერთ-ერთი შედეგია.
7-ის ნახევარი იქნებოდა, მელიქიშვილიდან რედისონისკენ მოვდიოდი, სადაც მანქანა მყავდა დატოვებული. იმ იმედით, რომ უნივერსიტეტთან დარჩენილი მომიტინგეების მცირე ნაწილი დაიშლებოდა და მეც მშვიდად წავიდოდი სახლისკენ.
51-ე სკოლასთან, ჭოველიძის კუთხეში მოხუცი ბებო შევნიშნე, გაფაციცებით იქექებოდა იქვე გაკეთებულ ხელოვნურ ბარიკადებში(დილით გვერდებზე გადაეწიათ ეს ნარჩენები, ფოტო უფრო ადრეა გადაღებული) და ხმამაღლა თვალცრემლიანი რაღაცას იძახდა. მივხვდი რაშიც იყო საქმე და მივედი.
– რა უქნეს ჩემი ყვავილების სადგამს, ჩემი ყვავილები, ახლა რა გავაკეთო, ჩემი ყვავილები! – ცდილობდა რკინის დიდი კონსტრუქცია როგორმე გამოეცალკევებინა ამ გროვისგან და თან ხმამაღლა ტიროდა.
– ბებო, ყვავილებს ყიდი? გაგიტეხეს ეს?
– ხო, შვილო. დამტვრეულია. რას მერჩოდნენ, მე რა დავუშავე, ახლა რა გავაკეთო? ჩემი ყვავილები, ღმერთო, როგორ მოვიქცე ახლა? ჩემს ყვავილებს რა ვუყო?
არ ვიცი, თითქოს მეხერხება წერა, მაგრამ არ ვიცი, არ ვიცი, როგორ გადმოვცე, რა მომივიდა ამ დროს, ამ თვალცრემლიანი ბებოს შემყურეს ამ სიტყვების მერე… გამოვაძვრინეთ დამტვრეული სადგამი და ხის სკამი გროვიდან.
ვიღაც კაციც გამოჩნდა(სავარაუდოდ, შვილი) და 51-ე სკოლის გვერდით ჩიხისკენ დავძარით შესანახად. უცებ მესმის ყვირილი და გინება – აქციის მონაწილეები მელიქიშვილიდან ქვების და ჯოხების სროლით მოდიან ჩვენკენ.
ბებო, გაიქეცი, ჩვენ წამოვიღებთ ამას – ამის თქმა მოვასწარი და ეს ბიჭი გაიქცა მანქანისკენ, რომელიც სკოლასთან კუთხეში ეყენა და ბებოც გაეკიდა, გიორგი მანქანა გაიყვანე დაგიმტვრევენო ძახილით. ძლივს დავაკავე ბებო და გაიქეცი სახლისკენთქო დავუყვირე. ბიჭი ჩახტა მანქანაში, დაქოქა და…
ადგილზე გაშეშდა – ვერ მიხვდა საით წასულიყო – უკან ჩიხი, წინ ქვები და ჯოხები. ბოლოს მიხვდა, რომ წინ ვერ წავიდოდა და ჩიხისკენ დაძრა. მივათრევ ამ სადგამს და გავიხედე, ბებია დგას ამაღლებულზე იქვე და პირზე ხელებაფარებული უყურებს შვილს გაქვავებული.
ბებო, გეხვეწები დაიმალე, გამოიყვანს მანქანას, შენ ოღონდ დაიმალე, გეხვეწები-მეთქი ვუყვირე და ამ დროს გვერდით დიდმა ქვამ ჩამიქროლა და ბანკის კედელს მოხვდა. გავხედე სადარბაზოში შემავალ ბებიას და შვილს და იქვე, სუპერმარკეტში შევვარდი… ესენიც მალევე დაიშალნენ. ხოდა, რისი თქმა მინდა. როგორია ამ ბებოს ტრაგედია?
ალბათ, ყოველ დილით დგება 6 საათზე და ყვავილების გასაყიდად ემზადება. გიყიდიათ ვინმეს ყვავილები ამ ბებოსგან? და რამდენს აკეთებს დღეში? ათ ლარს? ოცს? ოცდაათს? და რა დაუჯდება ახლა ეს ყველაფერი, ასეთ ტრაგედიად რომ აღიქვამს? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როცა ასე განიცდის ადამიანი ყვავილების სადგამის დაკარგვას, როგორია მისი ცხოვრება ამ ყვავილების მიღმა?
დღეს ვაპირებ ამ ადგილას მისვლას ბებოს სანახავად. ვინმე თუ იცნობთ კარგ ,,სვარშიკს” ან იცით, სად იყიდება ასეთი კონსტრუქცია, გამაგებინეთ. იქნებ, ერთი პატარა(დიდი) ტრაგედია მაინც გამოვასწოროთ…”,- წერს დავით ჩქოტუა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია