ლალი ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ქმრის გამო ამდენი ნერვიულობა შეხვდებოდა… თან ვისგან? ვიღაც უსახლკარო გოგოსგან, რომელიც შეიცოდა და ერთხანს თავის ოჯახშიც აცხოვრა… ნინო ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი იყო და ხშირად ლალის აიძულებდა, საქმე გადაედო და ეკლესიაში წირვაზე წასულიყო…
ეს ამბავი კი ასე დაიწყო: კახამ, ლალის ქმარმა, ნინო ერთ პატარა მაღაზიაში გაიცნო, – კახა დისტრიბუტორი იყო და იმ უბანში პროდუქტები დაჰქონდა. ერთ დღესაც ცოლს უთხრა, – ერთი გოგონა გავიცანი, დიდი საცოდავი ვინმეა, რაიონიდან ჩამოვიდა, რომ ორიოდ გროში იშოვოს და მშობლებს გაუგზავნოსო.
აქ ნაქირავებში ცხოვრობს, რასაც შოულობს, სულ ქირაში მისდის და მთელი დღე მშიერია, მოდი, შევიფაროთ, მადლია და როცა მოღონიერდება, თავის გზას ეწევაო… ლალი არ შესწინააღმდეგებია ქმარს. ჯერ ერთი, სიკეთის კეთებას იყო დაჩვეული, თანაც კახა თავის ნათქვამს მაინც აასრულებდა და დავა-კამათი არ ღირდა.
ასე შეუსახლდა ოჯახში საწყალი” ნინო. თავდაპირველად, უფულო მდგმური ყველაფერს აკეთებდა, თვალებში შესციცინებდა ლალის, რომ მისი გული მოეგო, მერე დაუმეგობრდა კიდეც.
ისეთი ეკლესიური იყო, ლალის რცხვენოდა, რომ ბევრი არაფერი იცოდა ეკლესიური ცხოვრებისა და ახლა, ნინოს დახმარებით, ნელ-ნელა სწავლობდა.
გაიარა წელიწადმა და ნინომ ცალკე გასვლა გადაწყვიტა, ლალის უთხრა, ავლაბარში ერთი საერთო საცხოვრებელია, იქ ლტოლვილები ცხოვრობენ, მაგრამ რამდენიმე ოთახი თავისუფალია, მივცემ 1.000 დოლარს მამასახლისს და როგორც ლტოლვილს, უფლებას მომცემს, ვიცხოვრო, არც ელექტროენერგიის ფული მექნება გადასახდელი და არც გაზისა, თან თქვენც აღარ შეგავიწროებთო. დიდი მადლობა გადაუხადა ლალის დახმარებისა და თანადგომისთვის და წავიდა.
გვიან გაიგო ლალიმ, რომ ნინო ორსულად იყო. წესით, უნდა გახარებოდა, რადგან სულ ჩასჩიჩინებდა, კარგი ბიჭი მოძებნე და გათხოვდი, თორემ დისშვილებისთვის მაინც დეიდად დარჩები, ამაგს არ დაგიფასებენო, მაგრამ მეზობელმა ქალმა უთხრა, – თვალი კარგად გაახილე, კახასა და ნინოს შორის დიდი ხანია უცნაური ურთიერთობაა და ორსულადაც შენი ქმრისგან უნდა იყოსო.
ლალი გაშეშდა. სანამ თავს შეაყვარებდა, კახამ ორი წელი სდია, საოცრად ყურადღებიანი, თბილი და მგრძნობიარე იყო. მისგან ღალატი ყოვლად წარმოუდგენელი გახლდათ. ნინოც მორიდებული გოგო ჩანდა, თან ღვთისმოშიში…
ერთი სიტყვით, ლალიმ იფიქრა, ეს ბოროტი ადამიანების მონაჭორიაო. უნდოდა, კახასთვის ეთქვა, მაგრამ რატომღაც თავს იკავებდა. ერთი კვირა მოუსვენრად გაატარა. ატყობდა, არც კახა იყო დამშვიდებული. ერთხელ, შინ მოგვიანებით მისულს უჩვეულო სანახაობა დაუხვდა. შვილები – გიო და თეკლა მეზობელთან გასულიყვნენ, კახას კი ორი ჩანთა ჩაელაგებინა და ლალის ელოდა.
რა მოხდაო? – იკითხა ლალიმ და გულმა რეჩხი უყო. კახამაც – აქ ვეღარ გავჩერდები, სადაცაა, ნინომ უნდა იმშობიაროს, შვილი გამიჩინოს და ზურგს ვერ შევაქცევო. ლალი გაოგნებული მიაჩერდა ქმარს, მერე ძლივსღა ამოთქვა, – განა ჩემთან არ გყავს შვილები? ნინო ხომ, როგორც მეგობარი, ისე შემოვიყვანეთ ოჯახშიო…
პასუხად კახამ მხრები აიჩეჩა, დაავლო ბარგს ხელი და ჩუმად გაიხურა კარი. ელდანაცემი იდგა ლალი, არ იცოდა, რა გაეკეთებინა. იგი ქსელურ მარკეტინგში იყო ჩაბმული, მაგრამ დიდი შემოსავალი არ ჰქონია. გამწარებულმა გაიფიქრა, – რაღა ვქნა, რითი ვარჩინო ბავშვებიო. გიო მალე 16-ისა გახდებოდა, თეკლა 12-ის იყო.
ლალიმ გადაწყვიტა, დედამთილისთვის შეეჩივლა ყველაფერი. კახას მამა აღარ ჰყავდა, 3 წლის წინ გარდაეცვალა, დედა თეთრიწყაროს რაიონის ერთი სოფლის სკოლის მასწავლებელი იყო. ლალის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დედამთილმა მშვიდად მოუსმინა და უთხრა: – რა გაგიკვირდა, შე ქალო, ეგ ხომ დღეს ჩვეულებრივი ამბავია, რა მოხდა მერე, ისიც ეყოლება და შენცო…
უსიტყვოდ, გულდათუთქული წამოვიდა დედამთილისგან. მერე, მეგობრებმა ურჩიეს, – თავად ნინოს ელაპარაკე, არ გაინტერესებს, რით გაიმართლებს თავსო? ლალიც მივიდა… ნინომ მოურიდებლად და სინდისის ქენჯნის გარეშე გამოუცხადა: – კახა შენთან 17 წელი იყო, მომდევნო 17 ჩემთან იცხოვროს, რა მოხდაო?..
ესეც არ აკმარა, – ადრე იმიტომ წამოვედი, ვიცოდი, რა ამბავსაც ატეხდი, არადა, რა კარგი იქნებოდა, ყველას ერთად რომ გვეცხოვრაო. მიხვდა ლალი, ეკლესიურ ადამიანთან კი არა, ფარისეველთან და მტაცებელთან ჰქონდა საქმე.
ერთი კი უთხრა, – ერთმანეთს შეეფერებითო და გამოტრიალდა. შინამდე ძლივს მივიდა, საწოლზე პირქვე დაემხო და ატირდა… უცებ ხუხულასავით თავზე ჩამოენგრა ოჯახი, რომელსაც ამდენი წელი სიყვარულით აშენებდა კახასთან ერთად…
აღარ ახსოვს, როდის ჩაეძინა, ან ბავშვები როდის მოვიდნენ სკოლიდან. იგრძნო, რომ ფეხის წვერებზე შემოვიდა გიო და საწოლზე ტანსაცმლიანად მიწოლილ დედას პლედი მიაფარა. მეორე დილამდე არც ამდგარა. რატომღაც მამის მაგივრად მას რცხვენოდა შვილებისა…
მამის წასვლა გიომ უფრო მძიმედ გადაიტანა, ვიდრე თეკლამ. ბიჭი საკუთარ თავში ჩაიკეტა, გოგონა კი აწყნარებდა დედას, თან დიდი ქალივით არიგებდა: – ძალიან გთხოვ, თავი არ გაუყადრო არც კახას (რაც წავიდა, მამას ვეღარ ეძახდა) და არც იმ ჩვენს “ოჯახის მეგობარს, ისინი ჩვენთვის აღარ არსებობენო…
ლალიმ ყურად იღო შვილის დარიგება და ძალა მოიკრიბა. უფრო აქტიურად დაიწყო მუშაობა, ხელფასიც გაეზარდა. ქსოვა და ქარგვა ბავშვობიდან იცოდა, ახლა ამ საქმესაც მიჰყო ხელი.
კახამ გამოაცხადა, – ეს სახლი (პატარა ბელეტაჟიანი კერძო სახლი ნაძალადევში) მამაჩემმა მე ამიშენა და როცა მინდა, აქ მაშინ მოვალო. მართლაც, დღე არ გავა, არ შემოიაროს, თვალი არ მოატყუოს ერთი-ორი საათით.
შვილებსაც გამოელაპარაკება ხოლმე და ლალისაც, თითქოსდა არაფერი მომხდარიყოს. დედამისისა არ იყოს, ისიც ჩვეულებრივ ამბად თვლის თავის ორცოლიანობას!
ერთხელ, როცა ლალის მოთმინების ძაფი გაუწყდა და სტუმრად მოსულ ქმარს ჰკითხა, – როდემდე აპირებ ასე ცხოვრებასო, უცნაური პასუხი მიიღო: – ნინო საბაბს არ მაძლევს, რომ მივატოვო და რა ვქნაო (ნინოს და კახას შვილი ახლა 2 წლისაა). ლალიმ ხელი ჩაიქნია. მიხვდა, კახასნაირი კაცი მის ერთ ცრემლადაც არ ღირდა!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო: კვირის პალიტრა, ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი