მოთხრობა მათთვის, ვინც სიბერის მოახლოებაზე დარდობს… სიბერე?
– დე, აბა, მკითხე რა.
– მეკო, ნუ შემაღონე, გეხვეწები.
– დეეეე, მკითხეეეე! – უკვე მეასედ იწევდა ხორხზე კანს მეკო და სარკის წინ უღიმღამო სახით მდგარ დედას წრეებს ურტყამდა.
ნინო კი მხოლოდ საკუთარ თავს მისჩერებოდა. ქუთუთოებს ქვემოთ იქაჩავდა, შუბლზე ისვამდა თითებს, თავს ხან მაღლა ასწევდა, ხან დაბლა, ყელზე გაჩენილ ხაზებს აკვირდებოდა.
სახე, რომელიც სარკიდან შემოჰყურებდა, თითქოს დიდი ხანია უცხო გამხდარიყო მისთვის. მიუღებლად უცხო. თვალის უპეების ქვეშ სიშავე, გაღიზიანებული კანი, წინ შეწითლებული ცხვირი, ფერმკრთალი ტუჩები,
კუთხეებში ოდნავ, მაგრამ მაინც შესამჩნევი ღარებით, დაღლილი მზერა… ამას ჯერ მხოლოდ თვითონ ამჩნევდა, სხვებისთვის ისევ ის ლამაზი ნინო იყო, მუდამ ფორმაში მყოფი, მუდამ მოვლილი, მაკიაჟწასმული, მხიარული, კისკისა, მშვენიერი და მომხიბვლელი.
მაგრამ შინ, უმაკიაჟოდ, როლისა და ნიღბის გარეშე, მხოლოდ ის, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილი, აშკარად არ ტოვებდა საიმედო შთაბეჭდილებას.
სიბერე ეპარებოდა. ჯერ მხოლოდ თითის წვერებზე დამდგარი, ჯერ მხოლოდ პაწაწინა ნიშნებით გამოხატული, მაგრამ უკვე შიშის მომგვრელი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად ფიქრობდა ამაზე.
რაც 35-ს გადააბიჯა და მისმა უზადო სახემ მცირე, თითქოს უმნიშვნელო ცვლილებები განიცადა, ჯანმრთელობის პრობლემებმაც შეახსენა თავი.
თითქოს სახეზე აესახა ის, რაც მის შიგნით ხდებოდა. უცებ, სრულიად მოულოდნელად, ხან ნაღველა გაჰკრავდა, ხან გული აუჩქარდებოდა, ხან თავი წამოსტკივდებოდა, ამ დილას წელი ძლივს აათრია ლოგინიდან.
არადა, 30 წელი ისე იცხოვრა, რომ იტყვიან, ფრჩხილი არ წამოსტკივებია, ახლა კი… ქმარიც კი დასცინოდა, ცოლი დამეშალაო. არადა, ბარემ არ უნდოდა აღიარება, მაგრამ აშკარად რაღაც სჭირდა, რაღაც სერიოზული, შეუქცევადი, უიმედო – ამ რაღაცას ასაკი ერქვა.
პირველად რომ ასტკივდა ნაღველი, გაოგნებული ამბობდა, აქამდე არასდროს მტკენიაო – მივიდა, გაესინჯა და, ქვიშა გაქვსო.
მერე ერთ მშვენიერ დღეს, მეკო უკვე ჰყავდა მაშინ, გაცივდა და თირკმელებმა შეუტია – გადაირია, თირკმელი სად მქონდა, არ ვიცოდი, ეს რა მემართებაო. გაესინჯა შეშინებული, უთხრეს, პიელოცისტიტიო.
ცოტა კიდევ გავიდა დრო და მორიგი სრულიად ჩვეულებრივი ნერვიულობის დროს წნევამ 160-ს მიუკაკუნა, გააჟრჟოლა, აკანკალდა, ძლივს მიასწრო უნიტაზამდე… ამჯერად ხმა აღარ ამოუღია – უნიტაზზე ჩამოჯდა და აქვითინდა.
მერე ერთმანეთს მიჰყვა – ხან თავი, ხან ყელი, ხან გინეკოლოგიური პრობლემები, თვეში ერთხელ რაღაც მაინც შეახსენებდა თავს და ცოტა ხანში, იმ სტატისტიკასაც რომ მიაქცია ყურადღება, რომ ექიმებთან ვიზიტებმა კაფე-რესტორნებში ვიზიტებს გადააჭარბა, პანაშვიდებსა და გასვენებებში სიარულმა კი – ქორწილებსა და გასართობ ადგილებში სიარულს, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ახალგაზრდა აღარ ერქვა.
ყველაზე დიდი ტკივილი მაინც მაშინ განიცადა, როცა ერთხელ მორიგი სამედიცინო გასინჯვის შემდეგ დაღლილი შევიდა მეტროში და ოციოდე წლის გოგო წამოდგა: “დარბძანდით, ქალბატონოო!” ეს “ქალბატონო” უკვე ყველაფერს ნიშნავდა, ეჭვი აღარ რჩებოდა, ცხოვრების მეორე ეტაპზე გადავიდა…
– დეეე, მკითხე რა, დე, მკითხე რა…
– გაჩუმდი! – იმხელა იკივლა გაღიზიანებულმა, თვითონვე შეეშინდა საკუთარი ხმის. აი, კიდევ ერთი ნიშანი – ნერვები საერთოდ დაუსხლტა ხელიდან და როცა უნდათ და როგორც უნდათ, ისე დახტუნაობენ.
ყველაზე მეტი მაინც მეკოს ხვდება, მოუსვენარს, ცელქს, დაუმორჩილებელს, მაგრამ ჯერ მაინც ბავშვს, რომელიც ვერ ხვდება, დედა ასე ხშირად და ასე სასოწარკვეთილი ხმით რატომ უბრაზდება ხოლმე… მიხვდა, რომ გადაამეტა.
მის მუხლს ჩაფრენილ აკრუსუნებულ პატარას თავზე ხელი გადაუსვა, – დედი, ნუ იცი ხოლმე ტვინის გახვრეტა, დღეს მერამდენედ ვსაუბრობთ ერთსა და იმავეზე. დავიღალე, დედი! – ძლივს ამოთქვა ბოლო სიტყვები.
მეკოს ვითომ არაფერი გაუგონია, ცრემლები წამსვე სადღაც გაუქრა და სახეგაბადრულმა შესცინა:
– დეეე, აბა, მკითხე.
ამოიოხრა:
– ჰო, გკითხავ, – და შვილისთვის საყვარელი ხალისიანი, საზეიმო ხმით დაიწყო, – აბა, მეკო, რას უდრის ორს მივუმატოთ ორი?
ბავშვი ვითომ ცოტა ხანს ჩაფიქრდა, ესეც თამაშის ნაწილი იყო, მერე კი მთელი ხმით დაიყვირა:
– ოთხს, დეე, ოთხს.
– მართალია! – ტაში შემოსცხო და ბავშვს აკოცა, – აბა, ორს მივუმატოთ სამი რას უდრის?
მეკო ჩაფიქრდა, ნინომ კი უნებურად ისევ სარკეს შეავლო თვალი. სარკის მიღმა ანარეკლმა, ოღონდ არა მეორე “მემ” (მას მაინც ვერაფრით აღიარებდა, მხოლოდ გაპრანჭულ “მეს” სცნობდა, საკუთარი ნიღბითვე იტყუებდა თავს), ჩუმად ჩაიჩურჩულა:
– ნაოჭები უდრის სიბერეს…
– არა, დედიკო, ნაოჭები უდრის სიყვარულს. მეკოს დედა ყველანაირი უყვარს – ნაოჭებიანიც და უნაოჭოც, გაბრაზებულიც და მხიარულიც, – მეკო მკერდზე მიეკრა, რომელსაც თვალებში კურცხალი ჩადგომოდა, და უჩვეულო სიხარული ჩაუღვარა დედას გულში.
– მართალი ხარ, შენ ხომ ყველანაირი გიყვარვარ? დროსაც ხომ ვერ გავაჩერებთ? აი, ამ სულელური დარდით და ღელვით კი უარესად ვითრგუნავ თავს…
– მერე ისევ სარკეს გახედა, – ცხოვრება მართლა მშვენიერია, დედა რომ ვარ, მოსიყვარულე ქმარი რომ მყავს, განა ეს საკმარისი არ არის? წამოდი, მეკო, სასეირნოდ წავიდეთ, დავიმხოთ თავზე ყველაფერი და ბრძოლა გამოვუცხადოთ დარდს, ნაღველს, სიბერეს, ავადმყოფობას და ყველაფერ ცუდს ამ ქვეყანაზე!
მეკომ ასკინკილით გაკურცხლა კარისკენ, დედაც ხტუნვა-ხტუნვით მიჰყვა და კიბეებიც ორივემ ერთნაირი სიცელქით ჩაირბინა. მათ ხმაურზე პირველ სართულზე მცხოვრებმა მუდამ უჟმურ ხასიათზე მყოფმა მოხუცმა ქალმა გამოიჭყიტა კარიდან და კიბეებზე მოხტუნავეებს გასძახა:
– გოგონებო, ცოტა წყნარად, რა უბედურებაა ასეთი ხმაური, ტყეში ხართ?…
მოხუცი კიდევ აგრძელებდა რაღაცის ბუტბუტს, მაგრამ მას მეტი არაფერი გაუგონია, მხოლოდ ერთი სიტყვა უტრიალებდა მხიარულად თავში: “გოგონებო”!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ლელა ზურებიანი