“თქვენს სტატიებს ხშირად ვკითხულობ და კიდევ და კიდევ მეტად ვრწმუნდები, რამხელა რამეა დედობა და რამხელა საშინელებაა, ღვთის ისეთ საჩუქარზე უარის თქმა, როგორიც შვილია.
მეც ღვთის საჩუქარი ვიყავი ჩემი მშობლებისთვის… საჩუქარი, რომელზეც უარი თქვეს… ნებაყოფლობით…
ახლა, რაც გავიზარდე და ჩემს ამბავს უფრო თამამად ვყვები ხოლმე, ბევრი მსგავსი ისტორიის შესახებ შევიტყვე და აღმოჩნდა, რომ საქართველოში ჩემნაირად ბევრი ბავშვის ბედი გადაუწყვეტიათ მათ მშობლებს, თან ისე, რომ ბევრს სინდისის ქენჯნაც არ უგრძნია და ალბათ არც უფიქრიათ, რომ რაიმე არასწორს სჩადიოდნენ.
უამრავი შემთხვევა ყოფილა, როცა უშვილო ცოლ-ქმარს ბავშვს “ჩუქნიდნენ” უახლოესი ან შორეული ნათესავები – დის, მულის, მაზლის და ა.შ. ოჯახები. მეც ასე “გამაჩუქეს”.
იმ ადამიანებს, ვისთანაც გაჩენის მესამე დღიდანვე აღმოვჩნდი, წლები არ ჰყავდათ შვილი.
კარგი ცოლ-ქმარი იყო, შეხმატკბილებული, ერთმანეთი უყვარდათ და მხოლოდ უშვილობა იყო მათი მთავარი და ძალიან დიდი პრობლემა.
ქმრის დას სამი შვილი ჰყავდა, უკვე წამოზრდილები – 5-დან 12 წლამდე. უცებ კიდევ ერთხელ დაორსულდა და ოჯახურმა საბჭომ გადაწყვიტა, “ჩვენთვის ოთხი ბევრია, იმათ ერთიც არ ჰყავთ და ვაჩუქოთო”.
აი, ასე, ძალიან მარტივად და უპრობლემოდ, გამაჩინა დედამ და მესამე დღესვე აჩუქა ჩემი თავი საკუთარი ძმის ოჯახს.
მიუხედავად იმისა, რომ არავის არ ჰქონდა პროტესტი და არავის არ უქცევია ეს საპრობლემოდ, ჩემმა დედობილ-მამობილმა მაინც გადაწყვიტეს, რომ ჩემი ნამდვილი მშობლებისგან მოშორებით გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რათა მე მათგან შორს გავზრდილიყავი და ნაკლები კონტაქტი მქონოდა ნამდვილ და-ძმებთან თუ ნათესავებთან.
ალბათ ეშინოდათ, შემთხვევით რამე არ გამეგო, ან იქნებ იმასაც შიშობდნენ, ემანდ არ გადაიფიქრონ და უკან არ მოგვთხოვონ ბავშვიო…
თუმცა უკან არავის მოვუთხოვივარ. ჩემს მშობლებს ალბათ აღარც გავხსენებივარ კარგა ხანს… მაგრამ ღმერთმა არ დაივიწყა მათი საქციელი…
დედამ რომ გამაშვილა, სამი დღისაც არ ვიყავი. ახალნამშობიარებ ქალს მკერდში რძე ჰქონდა ჩამდგარი. შვილი სხვას მისცა და ძუძუს ვის მოაწოვებდა? მოუყვანია სოფლის მასაჟისტი, აიკრა მკერდი და რძე გაიშრო.
მაგრამ როგორც აღმოჩნდა, შიგნით რაღაც მაინც დარჩა, შემდეგ ის რაღაც გამაგრდა, ეს სიმაგრეები კი კვანძებად გადაიქცა და მშობიარობიდან ორ წელიწადში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
მკერდი მოაჭრეს, თუმცა მეტასტაზები უკვე საკმაოდ შორს იყო წასული და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს… სამი წლის ვიყავი, როცა ჩემი ნამდვილი დედა გარდაიცვალა – ქალი, რომელსაც 16 წლამდე “მამიდათი” ვიხსენიებდი ხოლმე და ლოცვის დროს სხვა მიცვალებულებთან ერთად მასაც არ ვივიწყებდი…
ხოლო ჩემი “მამიდაშვილები” დაობლდნენ და სულ ცოტა ხანში მამამ დედინაცვალი მიუყვანათ… ისე მოხდა, რომ ჩემი ნამდვილი დედის ოთხივე შვილი საბოლოოდ დედინაცვლებმა გაზარდეს…
როგორ გავიგე ნამდვილი ამბავი, როგორ საშინლად გადავიტანე ეს დარტყმა, როგორი გადარეული მივვარდი ჩემს ნამდვილ და-ძმებთან და მამასთან და ყველანი ვაიძულე, რომ ჩემ წინაშე და ღმერთის წინაშე ბოდიში მოეხადათ ამ საშინელი გადაწყვეტილებისთვის – ეს ყველაფერი ალბათ აღარც ღირს მოყოლად.
მხოლოდ იმიტომ მოვყევი ჩემი ამბავი, რომ მინდა ყველა დედას, ყველა მშობელს ჰქონდეს ეს მაგალითად – შვილზე უარის თქმა არც ერთ შემთხვევაში არ ეპატიება არავის.
თუ მოინანიეს სიცოცხლეში, დარჩენილ ცხოვრებას საზარელი დანაშაულის შეგრძნებით, კოშმარებში გაატარებენ, ხოლო თუ სინანული არ შეაწუხებთ, მათი ცხოვრება ისეთი გზით წავა, მაინც მოუწევთ ამ დანაშაულის გამო პასუხისგება…
ისე, როგორც დედაჩემმა აგო პასუხი… არ ვარ ბოროტი და არც დაბოღმილი, უბრალოდ სიმართლეს ვწერ. და ვერც ერთი ადამიანი ვერ დამარწმუნებს, რომ ჩემმა მშობლებმა ეს ყველაფერი “კეთილი მიზნებით” გააკეთეს.
ნურც იფიქრებთ, რომ ასეთ საქციელს ოდესმე სიკეთის სარჩული მოარგოთ – შვილი ღვთის საჩუქარია, პირველი იქნება თუ მეცხრე, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუ ღმერთმა გაგხადა ღირსად და შვილი გაჩუქა, მასზე უარი არ უნდა თქვა…
მე სამი შვილი მყავს, ვგიჟდები სამივეზე და სამივესთვის სათითაოდ სიცოცხლეს გავწირავ. ალბათ, თქვენც ასეთები ხართ, ვინც ამ წერილს კითხულობთ და დამეთანხმებით…
დედას რომ ასეთი სტატიები და წერილები ეკითხა, ამდენი ინფორმაცია ჰქონოდა, იქნებ არც გადაედგა მსგავსი ნაბიჯი…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
ნინი, 25 წლის”; წყარო: მშობლები.გე