ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მეც თქვენი რესპონდენტი აღმოვჩნდებოდი ალბათ, ბევრისთვის დაუჯერებლად ჟღერს, რომ დღეს გვარის გამო შეიძლება, სადმე პრობლემა შეგექმნას, განსაკუთრებით თუ ეს პირად ცხოვრებას ეხება.
ქეთი 28 წლისაა, ამბობს, რომ გათხოვება გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ ჯერ კიდევ შეუქმნელი ოჯახი თავზე დაენგრა და დღეს ისევ მარტოა.
ქეთი:
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მეც თქვენი რესპონდენტი აღმოვჩნდებოდი, მაგრამ ეს ჩემი სურვილია და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩემი დედამთილი წაიკითხავს. თემუკა ოთხი წლის წინ გავიცანი.
ტექნიკის მაღაზიაში ვმუშაობ, მობილური ტელეფონის შესაძენად შემოვიდა და შერჩევაში დავეხმარე. ნომრები გავცვალეთ და შემდეგ შეხვედრამდე თითქმის ერთი წელი ვმესიჯობდით. თავიდან – იშვიათად, თითქოს მემეგობრებოდა, შემდეგ კი ყოველდღე ვწერდით ერთმანეთს.
– შეყვარებული არ გყავდა?
– არა, არასოდეს მყოლია, რაღაც არავისთან გამომდიოდა ურთიერთობა. ვაღიარებ, რომ პირველი პაემნის შემდეგ ყველა გარბოდა. ალბათ, პრობლემა ჩემშია, მაგრამ ფაქტია, რომ თემუკას სიგიჟემდე შევუყვარდი.
სიყვარულის ისტორია წლები გაგრძელდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ დაოჯახებას არ ჩქარობდა, სანამ ერთხელ მამაჩემი არ დაელაპარაკა.
უთხრა, რომ დაიღალა ჩვენი ყურებით, პატარებიც აღარ ვიყავით და ქორწილზე უნდა გვეფიქრა.
ჩვენს ურთიერთობაში ერთადერთი უცნაური ის იყო, რომ მის მშობლებს არ ვიცნობდი, მხოლოდ – მეგობრებს და რამდენიმე უახლოეს ნათესავს. მამას იშვიათად ახსენებდა, დედას – თითქმის არასოდეს.
– შენ არ დაინტერესდი მომავალი დედამთილით?
– კი, როგორ არა, მაგრამ სხვა თემაზე გადაჰქონდა საუბარი და ბოლოს მითხრა, რომ ერთმანეთს ვერ უგებდნენ. მამაჩემთან საუბრის შემდეგ ქორწილისთვის მზადება დავიწყეთ, ოღონდ ჩუმად. გაპარვას ვაპირებდით და ჯვარის დაწერას, შემდეგ კი – თურქეთში გამგზავრებას ერთი კვირით.
თემუკას მშობლებთან ცხოვრება არ უნდოდა და ბინა ვიქირავეთ. ვხვდებოდი, რომ დედამისს ჩემში რაღაც არ მოსწონდა, მაგრამ რა, ვერ ვიგებდი. ორივე ვმუშაობდით და თავის შენახვა არ გაგვიჭირდებოდა. მაშინ არც ვფიქრობდი, რომ ყველაფერი თავზე დამენგრეოდა.
– რა მოხდა?
– სამზადისის შესახებ ჩვენმა რამდენიმე საერთო მეგობარმა იცოდა. როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან არ მოსწონდა ეს ურთიერთობა და ჩემს მომავალ დედამთილს ყველაფერი უთხრა. ალბათ მას ეგონა, ეს ამბავი ქორწილამდე არ მივიდოდა, მაგრამ ერთ დღეს სახლში გამოგვეცხადა.
მშობლებს უთხრა, რომ ჩვენი ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო, მიზეზი კი ჩემი გვარი გახდა. აღმოჩნდა, რომ ამ ქალის დედაც ჩვენი მოგვარე ყოფილა და რძლად ნათესავს ვერ შემოვიყვანო.
მამაჩემს თავბრუ დაახვია. ვიღაცებზე უთხრა, რომ ჩვენი საერთო ნათესავები იყვნენ და კაცი ჩემზე საცემრად იწევდა.
– შენ არ იცოდი, რომ თემუკას ბებია შენი მოგვარე იყო?
– არა, ამის შესახებ არასოდეს უთქვამს, ახლა ვხვდები, დედამისს ასე გამწარებით რატომ მიმალავდა. იმ დღის შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს. მხოლოდ ის მომწერა, დედაჩემის მაგივრად მე მრცხვენია და სამუდამოდ გემშვიდობებიო.
თუმცა მანამდე მამაჩემმა დაურეკა და შეურაცხყოფა მიაყენა, თან ცემით დაემუქრა. იმ დღის შემდეგ ორი თვე გავიდა, რაღაც პერიოდი სამსახურში არ დავდიოდი, ახლა გავედი, მაგრამ ცხოვრება არ მიხარია.
– ყოფილმა საქმრომ ცოლობა რომ ისევ გთხოვოს, გაჰყვები?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მიჭირს, მასაც ვაპატიო ასე გაქრობა. ისიც არ ვიცი, დედამისთან ცხოვრობს თუ არა. მისი მეგობრები კი ჩემს ზარებსაც არ პასუხობენ. ალბათ, თვითონ გააფრთხილა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
სალომე დადიანი; ჟურნალი ”რეიტინგი”