30 წლის ვარ. ბავშვობის მეგობარი მყავს, თეა ჰქვია. ის ყოველთვის თამამი და აქტიური გოგო იყო, მე – დინჯი და მოკრძალეული.
თეა რომ ბიჭს თვალს დაადგამდა, ყველა ღონეს იხმარდა, რომ “დაეთრია”. შეეძლო ემსახიობა და შეყვარებული ადამიანის ან უბედური ქალის როლი ეთამაშა და დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევდა. მერე იმ კაცს ამა თუ იმ საქმეში გამოიყენებდა და მიატოვებდა.
ზოგს სამსახური აშოვნინა, ზოგს საზღვარგარეთ წააყვანინა თავი დასასვენებლად, ფული ხომ სულ ჰქონდა. ერთმა ბიჭმა იმის გამო დაიწუნა რომ 75 კილოს იწონიდა. იმდენი ქნა, რომ 2-3 კვირაში 15 კილო დაიკლო და ის ბიჭიც შეაბა.
სულ ვეჩხუბებოდი ხოლმე, ასე ნუ იქცევი-მეთქი, მაგრამ ვერაფერი შევასმინე. ხანდახან ვებუტებოდი კიდეც, როცა ძალზე მეტი მოსდიოდა. ერთხელ იცით, რა გააკეთა? მისმა მორიგმა შეყვარებულმა რესტორანში დაგვპატიჟა.
იქვე, გვერდით მაგიდასთან 3 მამაკაცი ვახშმობდა. თეამ ერთს თვალი დაადგა და იმდენი მოახერხა, თავისი ტელეფონის ნომერი დაუტოვა. ამის გამო ჩხუბი მოგვივიდა. მე ვამტყუნებდი, როგორ შეიძლება, ერთმა კაცმა დაგპატიჟოს, შენ კი მისი თანდასწრებით სხვა შეაბა-მეთქი?
ის კი ჯერ იცინოდა, ხუმრობდა. მერე თვითონაც შემომიტია და ერთმანეთს დავცხეთ. ამის გამო კარგა ხანს ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით.
სწორედ ამ პერიოდში გავიცანი ერთი ახალგაზრდა მამაკაცი და გულში ჩამივარდა. თემური ყურადღებას არ მაქცევდა, მე კი ფეხდაფეხ დავყვებოდი და მოსვენებას არ ვაძლევდი. თანდათან ვატყობდი, რომ თეას მეთოდების გამოყენება დავიწყე.
მეც კარგად შემძლებია მსახიობობა! ჩემი თავის მიკვირდა და თეას საქციელს უკვე ისეთი თვალით აღარ ვუყურებდი. ბოლოს, მისი გამართლებაც კი დავიწყე, მაგრამ თემურზე მაინცდამაინც არ ჭრიდა ჩემი მეთოდები. ის კვლავინდებურად ყინულის ლოდად იყო ქცეული.
ავდექი და თეას დავურეკე. შევრიგდით. რამდენიმე საათის განმავლობაში ვუყვებოდი ჩემს ამბავს. თეამ ჭკუა დამარიგა და შემდგომი მოქმედების სტრატეგიული გეგმაც დამასახვინა, თან 100 დოლარიც მოაყოლა.
დავიწყე გეგმის მიხედვით მოქმედება: მეორე დღეს თემურს მოვატყუე, დაბადების დღე მაქვს და გულს ნუ დამწყვეტ, შენთან ერთად მინდა გავატარო-მეთქი. დავითანხმე და რესტორანში წავედით.
ფული მქონდა და საუცხოო კერძები შევუკვეთე. სასმელიც გეახელით და რომ შევთვერით, თემურმა ხან ხელი გადამხვია, ხან კოცნა დამიპირა.
გავლაღდი, მაგრამ მერე გავბრაზდი, ამ კაცმა ჭკუა ასე როგორ დამაკარგვინა-მეთქი?! – და მის ჯიბრზე იქვე, სხვა მაგიდასთან მჯდომ მამაკაცს დავუწყე ფარცქვალი. ბოლოს, თემური საერთოდ მივატოვე და იმ მამაკაცს გავყევი.
არ ვიცი რა დამემართა – თემურს სამაგიერო კი გადავუხადე, მაგრამ ჩემი უმანკოება უცხო კაცს, სასტუმროში შევწირე და დილით შინ დავბრუნდი.
არც ის კაცი მინახავს მერე და თემურსაც აღარ შევხმიანებივარ. ახლაც არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი. თეამ კინაღამ მომკლა, მაგრამ აბა, რაღა დროს? მოკლედ, ასე დამემართა…
მე მოგიყევით, თქვენ კი შეგიძლიათ, გამკიცხოთ. ნანა.
გთხოვტ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია