ცხოვრებაში შეცდომა არ დამიშვია. ვფიქრობდი, იმდენად ჭკვიანი ვიყავი, ვერავინ შეძლებდა ჩემს მოტყუებას, მაგრამ ცოლიანი კაცის მახეში ისე გავები, აზრზე ვერ მოვედი.
არასოდეს ვუჩიოდი თაყვანისმცემლების ნაკლებობას, მამაკაცებისგან განებივრებული ვიყავი, თუმცა, სიფრთხილით ვეკიდებოდი მათთან ურთიერთობას.
არ ვიცი, როგორ დამიბნელდა თვალები, ისე როგორ შემაყვარა თავი, რომ სიფხიზლე დავკარგე და ცხოვრება გავინადგურე. ერთმანეთი სვანეთში გავიცანით. დასასვენებლად ვიყავი დაქალებთან ერთად.
იმდენად თვალშისაცემი გარეგნობა და მანერები ჰქონდა, ნებისმიერი ქალის ყურადღებას მიიქცევდა. ჩემზე რომ გააკეთა არჩევანი და გამომიტყდა, რომ მოვწონდი, თავიდან, ცოტა არ იყოს, ვიეჭვე.
თუმცა, ისე იქცეოდა, მე კი არა, ჩემს დაქალებსაც არ შეუტანიათ ეჭვი. ერთი სიტყვით, შეხვედრები და ურთიერთობა დავიწყე და სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდი.
მართალია, ხშირად ურეკავდნენ ტელეფონზე და სალაპარაკოდ ჩემგან მოშორებით გადიოდა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ცოლს ესაუბრებოდა. მეუბნებოდა: სამსახურის საქმეებზე ვლაპარაკობ და იმიტომ გავდივარ შენგან შორს, არ მინდა, დასვენების პერიოდში, ჩემი სამსახურებრივი საქმეებით გამოგიჭედო ყურებიო.
მეც ვუღიმოდი და ვფიქრობდი: როგორი კულტურულია, ცდილობს, ზედმეტად არ დამძაბოს თავის საქმეებზე საუბრით-მეთქი. თბილისში რომ დავბრუნდით, მოიმიზეზა დედა მყავს შეუძლოდ და რამდენიმე დღე ვერ შეგხვდებიო.
მერე მოიმიზეზა, დასასვენებლად მიდის, ჩავიყვან მანქანით და დავბრუნდებიო. სწორედ, იმ პერიოდი დამირეკა ჩემმა დაქალმა, სვანეთში ვისთან ერთადაც ვისვენებდი და მითხრა:
ზღვაზე ვარ, ბათუმში და შენი ბიჭი აქ არის. ვნახე, ვიღაც გადაპრანჭულ გოგოსთან და ორ ბავშვთან ერთად, ბულვარში დასეირნობდაო. ცოტა კი შევცბი, მაგრამ ვიფიქრე: ხომ შეიძლება, ნათესავი იყოს, ან მეგობარი, ან ძმაკაცის ცოლი…
ვერ ვუშვებდი გონებაში, რომ შეიძლებოდა, სხვა ქალი ჰყოლოდა. რომ ვურეკავდი, ყურმილს მითიშავდა. მესიჯს მწერდა: სიხარულო, ახლა არ მცალია და მალე გადმოგირეკავო. მეტი რა გზა მქონდა, მეც ველოდებოდი. მერე დარეკავდა, ორ სიტყვას მეტყოდა, დამემშვიდობებოდა და მითიშავდა.
არც კი ვიცი, როგორ შემიყვარდა ასე, რომ მის იქით სამყაროს ვეღარ ვხედავდი. ორი კვირა რომ გავიდა და თბილისში დაბრუნდა, შემხვდა. მანქანაში რომ ჩავჯექი, ქალის სუნამოს სუნი მეცა.
არ შევიმჩნიე. ქალაქგარეთ წავედით სასეირნოთ. ახლა ვხვდები, ხალხმრავალ ადგილებს ერიდებოდა, რომ ვინმეს არ დაენახა. ამბობდა: ვერ ვიტან ბევრ ხალხს, მირჩევნია, ჩვენ ორნი ვიყოთ, განმარტოებულადო.
ხალხს კი არა, ნაცნობ თვალს ერიდებოდა, ვინმეს არ დაენახა და ცოლისთვის ენა არ მიეტანა. ერთი სიტყვით, მანქანიდან, ბენზინის ჩასასხმელად გადავიდა.
მობრუნდა და ფანჯრიდან მითხრა: საფულე დევს მანდ, გახსენი, 50-ლარიანი ამოიღე და მომაწოდეო. გავხსენი და სწორედ იქ აღმოვაჩინე ცოლ-შვილის სურათი. ელდა მეცა, ჩახუტებულები რომ ვნახე.
თან, ჩემი დაქალის აღწერილ გოგოს და ბავშვებს ჰგავდნენ და ვკითხე: ეს რა არის? ვინ არიან-მეთქი? ფერი დაკარგა, დაიბნა, დაიწყო ლუღლუღი და რომ მიხვდა, უკან არ ვიხევდი, გამოტყდა.
მებოდიშებოდა, მთხოვდა არ მიმატოვო, მიყვარხარ, რას გიშლის ჩემი ცოლი, ერთად ვიყოთო. იმ დღეს თითქოს დასრულდა ჩემი ცხოვრება. მანქანა მოვატრიალებინე და ავუკრძალე ჩემი ნახვა.
უკვე ერთი თვე გავიდა და დეპრესია უფრო და უფრო მიმძაფრდება. სახლში ჩავიკეტე, არც სამსახური მადარდებს, არც ოჯახის წევრები და მეგობრები მაინტერესებს.
ჩემს თავზე ვბრაზობ, როგორ ვერ მივხვდი, როგორ ვენდე ასე ბრმად, როგორ მოვიტყუე თავი. არადა, მიყვარს და მიჭირს მის გარეშე. როგორ გადავლახავ ამ საშინელ მდგომარეობას არც კი ვიცი.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
სოფო, 26 წლის.