დედა იყო და მეგონა დამინდობდა, მოვტყუვდი…
კარგა ხანს ვფიქრობდი, ღირდა თუ არა იმ უმსგავსოების გამოაშკარავება, რაც ჩვენ გვერდით ხდება. ბოლოს, მაინც გადავწყვიტე გამომექვეყნებინა 23 წლის თ.ს.-ს წერილი, რომელმაც გულახდილად გამიზიარა გულისტკივილი.
“4 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ. როგორც ბებიამ მითხრა, მამა თურმე ხშირად სვამდა, დედას სცემდა და ჩვენს სახლში მუდამ ალიაქოთი იყო. ერთ დღეს დედაჩემმა მამა სახლი დან გააგდო. გვიან გავიგეთ, რომ ლოთობისგან გარდაიცვალა.
12 წლის რომ გავხდი, დედამ მე და ბებოს გამოგვიცხადა, – ახალგაზრდა ქალი ვარ, უცხოეთში წავალ, ვიმუშავებ, ფულსაც გამოგიგზავნით და თუ ნორმალური კაცი გამომიჩნდება, იქნებ გავთხოვდე კიდეცო. ბებომ ტირილი დაიწყო, დავუძლურდი, თამუნას ჩემს იმედად ნუ დატოვებ, გოგოს ახლა სჭირდებიო, მაგრამ ყურად ვინ იღო!
იმ დროს მთელი საქართველო თურქეთში მიდიოდა და დედაც წავიდა. ცოტა ხანში სტამბოლიდან დაგვირეკა – მუშაობა დავიწყეო. ფულს მართლაც ყოველთვიურად გვიგზავნიდა. მე და ბებოს გვყოფნიდა. მეცხრე კლასში რომ გადავედი, დედა ჩამოვიდა და უამრავი საჩუქარი ჩამომიტანა. გავთხოვდიო, – გვახარა. ერთი თვის მერე – ქმარი მელოდებაო, – გვითხრა და წავიდა.
ბებო რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. მინდოდა, შემეტყობინებინა, მაგრამ ძველი ნომერი გათიშული იყო. დედაჩემის დატოვებული ცოტა ფული მქონდა, მეზობლები და ნათესავებიც მომეხმარნენ და დავკრძალეთ. დავრჩი მარტო.
კარგა ხანია, ერთი ბიჭი დამდევდა, სიყვარულს მეფიცებოდა. იმდენად მეშინოდა მარტო ყოფნის, რომ იმ ბიჭს ვუთხარი, ჩემთან გადმოდი და ერთად ვიცხოვროთ, სკოლას რომ დავამთავრებ, მერე მოვაწეროთ ხელი-მეთქი. სიხარულით დამთანხმდა. მისიანებმა ერთი ამბავი ატეხეს, – უპატრონო და უწესო ქალის შვილი რძლად არ გვინდაო.
თამაზმა ორი წელი იცხოვრა ჩემთან, მერე კი, ეტყობა, მშობლების აზრს გაუწია ანგარიში და გაქრა. დავრჩი მწარედ მოტყუებული. დედაჩემიც აღარ ჩანდა, არც ფულს მიგზავნიდა. სწავლის გაგრძელების სურვილიც დავკარგე, საშინელი დეპრესია დამეუფლა. მერე ერთი მსუბუქი ყოფაქცევის გოგო დამიმეგობრდა, – მე გამოგიყვან მძიმე მდგომარეობიდანო და… ასე აღმოვჩნდი ერთ-ერთ საუნაში.
რამდენიმე თვის შემდეგ საარსებო საშუალება გამიჩნდა და არც აღარაფერს ვდარდობდი. ერთ მშვენიერ დღეს კი, ვიღაცა ბიჭმა 500 დოლარი მომიტანა, – დედაშენმა გამომატანა. თუ მისი ნახვა მოგინდება, შემიძლია წაგიყვანო და გაჩვენოო.
მართალი გითხრათ, იმდენად გულგამოფიტული ვიყავი, რომ აღარც მენატრებოდა, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია. მინდოდა, ერთხელ მაინც მენახა და მეკითხა, რატომ მიმაგდე ასე ბედის ანაბარად-მეთქი.
დედა ტრაპიზონში გადასულიყო. იმ ბიჭმა ორ კვირაში გადამიყვანა საზღვარზე… დედას გაუხარდა ჩემი ნახვა და თავისი ამბავიც მიამბო: ქმარს გავშორდი და აქეთ წამოვედი, აქ ავაწყვე პატარა ბიზნესიო, ახლა საქართველოშიც მინდა იგივე წამოვიწყო და თუ ხელს შემიწყობ, გაგამდიდრებო.
მოკლედ, დედას ტრაპიზონში ბორდელი ჰქონდა გახსნილი, რა თქმა უნდა, არალეგალურად, ყველამ იცოდა, რომ იმ ჩაიხანაში ხდებოდა თურქი მამაკაცებისგან ქალების (უმრავლესობა ქართველი იყო) შეთვალიერება-შერჩევა, მერე კი იქვე, პატარა სასტუმროში მიჰყავდათ. დედაჩემი იქ ცნობილი “მამაშა” ყოფილა.
ახლა კი თბილისში (რუსთავში არ ივარგებს, პატარა ქალაქია და “იყვირებს” იატაკქვეშა ბორდელიო) უნდოდა, გაეხსნა და მე ჩავდგომოდი ამ “ბიზნესს”. გამაცნო ერთი თურქი კაცი, ერთიც ქართველი. ყველაზე საშინელება კი ის აღმოჩნდა (ეს გვიან გავიგე), რომ ის მეძავი გოგო, რომელმაც “დამიმეგობრა”, დედაჩემის მოგზავნილი ყოფილა… ჩავერთე საქმეში და მართლაც, იმ საუნაში საკმაოდ დიდი ფული დატრიალდა.
შარშან ლევანი გავიცანი, სულ სხვა ადგილას და სულ სხვა ვითარებაში. ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი და გადავწყვიტე, იმ საზიზღარ საქმეს შევშვებოდი, დედაჩემს შევუთვალე, არც საუნის ფული მინდა, არც არაფერი, ოღონდ თავი დამანებეთ-მეთქი.
კინაღამ გაგიჟდა, – რას მიშვრები, ბიზნესს მიგდებ, როცა საქმე საათივით გვაქვს აწყობილიო! იძულებული ვიყავი, მენახა და ამეხსნა ყველაფერი. დედა იყო და მეგონა დამინდობდა, გულით ისურვებდა ჩემს ბედნიერებას. მოვტყუვდი.
ლევანს კი ვერ ვუმხელდი ჩემს წარსულ “საქმიანობას”. მეშინოდა მისი დაკარგვის. მე იმ რამდენიმე წელიწადში იმდენი ფული მოვაგროვე, რომ თბილისის ერთ კარგ უბანშისილამაზის სალონი გავხსენი. საკმაოდ ნორმალური შემოსავალი მქონდა, ლევანიც მუშაობდა და მომავლის აღარ მეშინოდა.
არ ვიცი, როგორ შეიძლება ახლობელმა ადამიანმა შენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ მომენტში გიმტროს და გიღალატოს. მე ლევანთან ვცხოვრობდი, დღე-დღეზე ხელი უნდა მოგვეწერა და პატარა ქორწილიც გადაგვეხადა, რომ დედაჩემის
“ბიზნესპარტნიორებმა” ჩვენს უწინდელ საერთო საქმეს ფარდა ახადეს და ლევანს ისეთი ფოტოები უჩვენეს, ბიჭი კინაღამ გაგიჟდა. იმ დღესვე მიმატოვა და წასვლის წინ მკაცრად გამაფრთხილა, – აღარ გაბედო ჩემი სახელის ხსენებაო. მასთან რაღა მიმიყვანდა, მაგრამ რა ვქნა, ვკადნიერდები და ჩემი ცხოვრების შესახებ თქვენ გწერთ წერილს.
ერთხანს თავის მოკვლა მინდოდა, მერე კი კიდევ ერთი ცოდვა მივამატო ამდენ ცოდვას? ვიცი, არაფერი შეიცვლება, მაგრამ ტკივილს თუ გაგიზიარებთ, ალბათ ცოტათი გამინელდება. იქნებ, გამაგებინოთ, დედას საკუთარი შვილის ჭაობში ჩახრჩობა რატომ უნდა უნდოდეს? ამ მტანჯველი ფიქრებისა და გრძნობისგან მხოლოდ ერთი გზა მიხსნის – მონასტერი. ალბათ მალე გავაღწევ ამ ჭაობიდან
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია..ა სევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია
წყარო: კვირის პალიტრა,; ავტორი: მარინა ბაბუნაშვილი