მე და ჩემი დაქალი ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ, ერთ კლასში ვიყავით და უნივერსიტეტშიც ერთად ჩავაბარეთ. ერთმანეთისთვის დამალული და დაფარული არაფერი გვქონია.
ერთხელ ლალიმ მითხრა, ერთი ბიჭი მომწონს ძალიან და არ ვიცი, როგორ მოვახერხო მისი გაცნობაო. მე იმ ბიჭს არ ვიცნობდი, ლალიმაც მხოლოდ სახელი იცოდა – შოთიკო ერქვა.
ძალიან ბევრი „იჩალიჩა“, მაგრამ ვერანაირად ვერ იპოვა ადამიანი, რომელიც მათი საერთო ნაცნობი იქნებოდა. ამიტომ, ლალის მოწონება მოწონებად დარჩა და თანდათან გაფერმკრთალდა. რამდენიმე თვის შემდეგ აღარც კი ახსენებდა და ბოლოს სულ მიივიწყა.
იანვარში, სესიები რომ დაგვიმთავრდა, ისე მოხდა, რომ მე გუდაურში წავედი ჩემს ბიძაშვილებთან ერთად, ლალი კი რაღაც ოჯახური მიზეზის გამო ვერ წამოვიდა და თბილისში დარჩა.
გუდაურში არაჩვეულებრივი დრო ვატარე, უამრავი ახალი ნაცნობი და მეგობარი შევიძინე და, სხვათა შორის, თაყვანისმცემლებიც გავიჩინე. საერთოდ, ფლირტაობა დიდად არ მიყვარს და ამიტომ, მხოლოდ ერთ ბიჭს დავუახლოვდი, ისიც იმიტომ, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად მომეწონა, სხვებზე უფრო დინჯი და სერიოზული იყო.
ძალიან დავმეგობრდით. ჩემ გარეშე ფეხს აღარ დგამდა. თხილამურებით სრიალიც მასწავლა და ციგურებზე დგომაც. ამასობაში კიდევ უფრო დავახლოვდით და ჩვენ შორის ნამდვილი სიყვარულიც გაჩნდა. ერთად საოცრად ბედნიერად ვგრძნობდით თავს.
მთავარი დამავიწყდა მეთქვა: როცა ერთმანეთი გავიცანით, მითხრა, შოთა მქვიაო. შემიძლია, ხატზე დავიფიცო, ეჭვადაც არ გამიფიქრებია, რომ, შეიძლება, ეს ის შოთიკო ყოფილიყო, რომელიც ლალის მოსწონდა.
გუდაურიდან რომ ვბრუნდებოდით, მე და შოთა უკვე მაგარი შეყვარებულები ვიყავით. გადავწყვიტეთ, დიდხანს აღარ გვებოდიალა აქეთ-იქით და ჩასვლისთანავე დავლაპარაკებოდით მშობლებს ჩვენი დაქორწინების შესახებ.
ჩამოვედი თუ არა თბილისში, დედას ყველაფერი ვუამბე. დედამ მამას უთხრა და გადაწყვიტეს, სასიძო ვახშამზე დაეპატიჟებინათ გასაცნობად. მე ძალიან გამიხარდა და მაშინვე დავურეკე შოთას, ხვალ საღამოს მთელი ოჯახი გელოდებით-მეთქი. ცხადია, ლალისაც დავურეკე და ყველაფერი ვუამბე. ეწყინა, რატომ არ გამაცანიო. ხვალ შენც გეპატიჟები და ბარემ აქ გაიცნობ-მეთქი.
მეორე დღეს ლალიც მოვიდა და შოთაც – თავის ძმაკაცთან – მომავალ მეჯვარესთან ერთად. ბედნიერებისგან დავფრინავდი, რადგან, შევატყვე, რომ დედაჩემს და მამაჩემს მოეწონათ ჩემი რჩეული. მაგრამ, ლალის რომ შევხედე, გული გამისკდა, ისეთი სახით იჯდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა.
შოთა და მისი მეგობარი რომ გავაცილეთ, ლალიმ ჩემს ოთახში გამიყვანა და ისეთი სკანდალი მომიწყო, ლამის ჭერი ჩამოიქცა – ეგ ბიჭი შენზე ადრე მე მიყვარდა და შენ „პერეხვატი“ გამიკეთეო. გავოგნდი. ვერაფრით დავარწმუნე, რომ არც მე და არც შოთა არაფერ შუაში არ ვიყავით. შოთა არ იცნობდა ლალის და საიდან ეცოდინებოდა, რომ ვიღაც უცნობ გოგოს შორიდან დანახვით მოეწონა ან შეუყვარდა?
დიდხანს ვუხსნიდი და ვარწმუნებდი ლალის ჩემი და შოთას უდანაშაულობას, თან, ისიც შევახსენე, რამდენი თვეა, საერთოდ აღარც კი გიხსენებია-მეთქი, მაგრამ გაგონებაც არ მოინდომა.
ბოლოს კი ულტიმატუმი წამომიყენა: თუ არ გინდა, რომ დამკარგო, შოთაზე უარი უნდა თქვა. ეგ ბიჭი ჩემი აღმოჩენილია და მე მეკუთვნისო.
ასეც რომ მოვიქცე, ლალი მაინც დაკარგული იქნება ჩემთვის და კარს მომდგარი ბედნიერება რატომ დავკარგო, მით უმეტეს, რომ, ღვთის წინაშე, ბრალი არაფერში მიმიძღვის?
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია;