საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება და რეგულაცია 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
სამინისტრო განმარტავს, რომ 2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: – პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება. ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.
2026 წლის 1-ელი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
2031 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.


