ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ ხშირად ვკითხულობ თქვენს რუბრიკას და რატომღაც, უმეტესად, ქალი რესპონდენტები ისეთ ამბებს ყვებიან, მამაკაცი საშინელ მონსტრად გამოჰყავთ – ყველა კაცი ერთნაირია, მოღალატეები, ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ და საწყალი ქალები სულ დაჩაგრულები ვართ მათ ხელშიო.
მათ რომ დაუჯერო, თვითონ უფრთო ანგელოზები არიან და კაცები ქვეყნის დამაქცევარნი, ლამის ისიც მიაწერონ თავიანთ გზავნილს P.S.-ად, გაწყდა მაგათი სინსილაო.
არა, ისე არ წარმოიდგინოთ, ქალთმოძულე ვიყო. პირიქით, ძალიანაც მიყვარს მდედრობითი სქესი, ვაფასებ და დიდ პატივსაც ვცემ, მაგრამ არც ასეა საქმე, მხოლოდ ისინი იყვნენ ყოველთვის მსხვერპლნი და სხვისგან მოტყუებულნი.
ერთ ამბავს მოგიყვებით და თვითონ განსაჯეთ, შეიძლება თუ არა ამოიცნო ქალი?! ისეთ ასაკში ვარ „რასვეტე სილო“, – რუსები რომ იტყვიან. არც გაჭირვებული მეთქმის. მეგობარიც ბევრი მყავს და დროსტარება და ქეიფიც მიყვარს.
რაც მთავარია, არც ქალებზე ვარ მწყრალად და კაი ვარიანტს ხელიდან არასდროს გავუშვებ. მით უმეტეს, რომ ჯერ დაოჯახებულიც არ ვარ და ოჯახური უღელი არ მიშლის ამაში ხელს. ჰოდა, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, პირდაპირ საქმეზე გადავალ.
ერთ დღესაც მეგობართან ვიყავი ბავშვის დაბადების დღეზე. ჩემი ნათლულია და ყველაზე პატივსაცემი სტუმარი მე ვიყავი. დიდი სუფრა და არეულ-დარეული სტუმრიანობა არ გახლდათ. სულ ნაცნობ-მეგობრები ვიყავით, მხოლოდ რამდენიმე ქალბატონს ვხედავდი პირველად. დანარჩენები უცვლელი „სასტავი“ იყო.
კარგი ქეიფი გახურდა. ცეკვა, სიმღერა, მოკლედ, გიტარა და ჩქარი ტაში არ დაგვკლებია. თუმცა, მე მანქანით ვიყავი და თითქმის არ ვსვამდი. ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს და უფრო მეტად იმან გამართო, ფხიზელი თვალით რომ ვუყურებდი, რა სასაცილოები ჩანდნენ ეს შეზარხოშებული „სოლიდური პერსონები“.
მერე ის უცნობი ქალებიც შევათვალიერე და შევეცადე, გამომეცნო, რომელი რას წარმოადგენდა. ასე ვთქვათ, ერთგვარი თამაში წამოვიწყე საკუთარ თავთან. სათითაოდ არ ჩამოვყვები და მხოლოდ ერთზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.
ყველაზე ადვილად ამოსაცნობი ის იყო, ერთი შეხედვით შევაფასე – ტიპური ქართველი დიასახლისი, სანიმუშო მეუღლე, თეთრი, ცოტა სრული, ერთი სიტყვით გადაფითქვინებული ქალი – მკაცრ, კისრამდე შეკრულ ლურჯ კაბას თეთრი საყელო რომ უმშვენებდა.
შევხედე თუ არა, ბავშვობის მოგონება წამომიტივტივდა. იმერეთში, ბებიაჩემის მეზობელი დოდო მასწავლებელი გამახსენა. მასავით, ალბათ, ამ ახალგაზრდა ქალსაც ხელსაქმე ემარჯვება – ჭრა-კერვა, ქსოვა, ქარგვა.
კულინარი ხომ უბადლოა – აქეთ ხაჭაპური, იქით საცივი, ფხალი, ღომი, კუპატი… შვილებს თან ჰყვება, არაფერს აკლებს, სულ გაპიწკინებული ჰყავს ქმარ-შვილი. მოკლედ, მთელი მისი ცხოვრება დავხატე. მერე თავს შევამოწმებ-მეთქი და გამოველაპარაკე.
ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული ქალი მართლა არ მინახავს. დინჯად, ღიმილით ლაპარაკობდა და სიტყვებს ისე გამოთქვამდა, თითქოს მღერისო. მეც ჩავეძიე და ზემოთ რომ სურათი დაგიხატეთ, ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, როგორც მე გამიმართლა ვარაუდმა.
ორი შვილის დედა აღმოჩნდა, პედაგოგი, ქმარი რომ ახსენა, სახე გაებადრა, შვილებზე ხომ სულ გაბრწყინებული ლაპარაკობდა. ასე, საუბარს შევყევით და საათზე რომ დავიხედე, კარგა გვიან იყო. ქალი შეწუხდა.
ვაიმე, დედამთილი კი არის ბავშვებთან, მაგრამ ქმარი მივლინებაშია და ამდენ ხანს უხერხულია, ოჯახი რომ მივატოვეო. უცებ წამოხტა და ჩანთას დაუწყო ძებნა. მეც უკვე წასვლას ვაპირებდი და დავამშვიდე, ვაკეში მივდივარ და გაგიყოლებთ, ნუ ნერვიულობთ-მეთქი.
გარეთ რომ გამოვედი, მართალია, უკვე გაზაფხულის სუნი იგრძნობოდა, მაგრამ მაინც ციოდა და ის იყო, წვიმაც დაიწყო. სასწრაფოდ გამოვუღე მანქანის კარი და ქალიც ჩემ გვერდით მოხერხებულად ჩაეშვა სავარძელში.
დავძარი მანქანა და ცოტა ხნით ორივენი გავჩუმდით. მერე ქალმა დაიწყო, – აქამდე მხოლოდ ჩემზე რომ ვილაპარაკეთ, ახლა თქვენ შესახებაც მინდა ვიცოდე – ვინ ხარ, რას საქმიანობ და რით სუნთქავო, – პირდაპირ შენობით მომმართა, ჩემდა მოულოდნელად, ძალიან თამამად და ცოტა მოურდიდებლადაც კი.
თან, თითქოს მრავალმნიშვნელოვნადაც გამიღიმა. მე უცებ დავიბენი. მერე მეც გავუღიმე და ვუთხარი, რომ თავისუფალი კაცი ვარ და როგორც მინდა, ისე ვცხოვრობ-მეთქი.
მერე, ერთი კარგი, ფუმფულა საყვარელი არ გინდაო, – შემომციცინა და ახლა მართლა სხვანაირად ააჟუჟუნა თვალები, მაშინ კი უფრო დაკვირვებით შევათვალიერე და აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ მადისაღმძვრელი ფორმები იმალებოდა მისი მკაცრი „ნარიადის“ მიღმა.
აღარც მე გავინაზე და თუ გინდა, ჩემთან ავიდეთ, იქ აღვნიშნოთ ჩვენი გაცნობა-მეთქი, ვუთხარი. ისიც დამთანხმდა და… ავედით, ჰოდა, „სოფლის აშიკი“ ხომ გახსოვთ, „შოუყვანია და შოუყვანიაო“…
ისეთი სასწაულო დაატრიალა ამ უმწიკვლო „მონაზონმა“ იმ ღამით, ცხოვრების უნახავი არ გახლავართ, მაგრამ მსგავსი არც მანამდე მქონია რამე და არც მერე. მიდი და თქვი ახლა, ქალის ამოცნობას რა უნდაო!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: სტატიაში გამოქვეყნებული ფოტოები პირობითია.. წყარო: თბილისელები
თამაზი, 35 წლის.