ეს ინფორმაცია პოლიციელებმა გაავრცელეს და საკუთარი შეცდომისთვის ბოდიშიც მოიხადეს..
იაპონელი მამაკაცი, რომელიც მდინარეში დამხრჩვალი ეგონათ, სხეულის კრემაციიდან ერთი წლის შემდეგ სახლში დაბრუნდა.
ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, 13 ივნისს ტიკიოს პოლიციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციის განყოფილებაში მივიდა ქალი და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მისი ქმარი, რომელიც გარდაცვლილად გამოაცხადეს, რამდენიმე დღის წინ სახლში დაბრუნდა.
პოლიციელებმა შეცდომისთვის ბოდიში მოიხადეს და განმარტეს, რომ კრემირებული სხეული სხვა ოჯახს გადაეცემოდა.
სამართალდამცველებმა შეცდომა იმით ახსნეს, რომ 2017 წლის ივნისში, მდინარეში აღმოჩენილი ცხედრის აღწერილობა უგზო-უკვლოდ დაკარგული ორი ადამიანის მონაცემებს ემთხვეოდა. ორივე ერთი სიმაღლისა და 40 წლამდე ასაკის იყო.
ამასთანავე, მეუღლემ და ნათესავებმა გვამის ამოცნობა შეძლეს და იმის გამო, რომ ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ჰქონდა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას დამატებითი კვლევა არ ჩაუტარებია.
პოლიციის პრესსამსახურს არ დაუკონკრეტებია, სად იყო და რას საქმიანობდა დაკარგული მამაკაცი ერთი წლის მანძილზე, თუმცა პირობა დადეს, რომ მომავალში მსგავსი შეცდომა აღარ განმეორდება.