ჩემმა რძალმა აიჩემა, უცხოეთში, იტალიაში სამუშაოდ უნდა წავიდეო. მაშინ მისი მეორე გოგონა, ანუ უმცროსი, 6 წლისაც კი არ იყო. მას ვუთხარი, რომ ბავშვების მიტოვება არ ღირდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა.
თავზარი დამეცა, მაგრამ ისედაც ატირებულ შვილიშვილებს და დამწუხრებულ შვილს ცეცხლს ხომ არ შევუნთებდი? თავი ხელში ავიყვანე და რძალს შევპირდი, რომ მის ქმარ-შვილს არაფერს მოვაკლებდი. შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემი პირობა პირნათლად შევასრულე.
რძალმა კი თავისი პირობა დაივიწყა, მაშინ, როცა მითხრა, მაქსიმუმ 2 წელიწადში დავბრუნდებიო. მას შემდეგ უკვე ბევრი ორი წელი გავიდა.
ჩემ რძალს ვეუბნები, რომ მისი შვილების მოვლას ვეღარ შევძლებ და აღარ შემიძლია, მაგრამ მაინც არ ჩამოდის. ბოლო დროს ცხვირი აიბზუა და წესიერადაც აღარ მელაპარაკება. არ ვიცი, ბავშვებს რა უთხრა, მაგრამ სულ ცდილობენ, ხელიდან გამომტაცონ საქმე, ჩვენ გავაკეთებთ, უკვე დიდები ვართ, დახმარება არ გვჭირდებაო.
რძალს ჰგონია, ჩემი ჯანი მენანება და ერთადერთი რამ მინდა, რომ ფეხიფეხზე გადადებულმა ვიცხოვრო, იმას კი ვერ ხვდება, რომ მე სულ სხვა რამ მაწუხებს. ბავშვების გაზრდაში არა მხოლოდ სახლის დალაგება და სადილის მომზადება შედის, მათ ყურადღება სჭირდებათ, არაფერი უნდა გამოგეპაროს, მით უმეტეს, მოზარდის ცხოვრებაში და, აი, სწორედ ეს არ ესმის.
ოჯახის საქმეებს ისევ ვაკეთებ, ამისთვის ძალა მერჩის, მაგრამ ბავშვებს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ და ეს მაწუხებს.
რძალს ვერც ის გავაგებინე, ოჯახს როგორ დაშორდა. ვერ ხვდება, რომ მის შვილებს ბებია კი არა, დედა სჭირდებათ. თავს იმართლებს, ყოველდღე ველაპარაკები, მათ შესახებ ყველაფერი ვიციო, მაგრამ არ არის ასე. შვილის შესახებ მაშინ არ იცი ყველაფერი, როცა თვალწინ გყავს და ასე შორიდან რა უნდა გაიგო?!
რძალი მეუბნება, რა გაკლიათ, ყველაფერი გაქვთო. მე, პირადად, არაფერი მაკლია, მაგრამ ნუთუ მას არ აკლია ოჯახური სითბო?! ჩვენ გაჭირვება დავძლიეთ და მადლობა მას ამისთვის, მაგრამ ახლა დროა, ჩამოვიდეს და თავის ოჯახს მიხედოს.
მინდა, იმქვეყნად ქმართან მშვიდად წავიდე, ვიცოდე, რომ ჩემს შვილს ერთგული მეუღლის გვერდით ვტოვებ და ჩემს შვილიშვილებსაც არაფერი დაუშავდებათ, რადგან დედა ეყოლებათ გვერდით.
რძალს ჩამოსვლა არ უნდა და მიზეზს ვერ ვხვდები. განა რას დატოვებს იქ იმაზე ძვირფასს, ვიდრე ქმარი და შვილებია?!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია