ნათქვამია, სიყვარულმა გადარია ტარიელიო და არც კახელ გივის დააკლო, იმის მიუხედავად, რომ გადარევა და გაგიჟება სულაც არ აკლდა. როცა გივის გულში ერთი მისი თანასოფლელი გოგო ჩაუვარდა, ლექსებსაც კი უძღვნიდა..
გივის ცალმხრივი სიყვარულით მისი 3 უახლოესი ძმაკაცი იყო დამწუხრებული. ერთ დღეს გადაწყვიტეს, ჩვენც ისე უნდა დავიტანჯოთ, როგორც ჩვენი გიალო იტანჯებაო და მასთან ერთად დაიწყეს ფიქრი და ბჭობა, როგორ უნდა მოეტაცებინათ ციცინო. გოგოს მკაცრი მამა ჰყავდა და ბიჭებს მისი შავი ჭირივით ეშინოდათ.
შეუდგნენ მოტაცების გეგმის შედგენას. ბევრი იფიქრეს ბიჭებმა, ხან გული დავუნთოთო, ხან – ლექსი მივუძღვნათო, მაგრამ გივის მოთმინებამ უღალატა და გადაწყვეტილება უცებ მიიღო – ავდგები და მამამისს კაცურად დაველაპარაკები, თუ საჭირო გახდა, ხელითაც შევეხები და ჩემს ციცინოს ძალით წამოვიყვანო.
ბიჭებს თავში არ წაუშენიათ ხელები, მაგრამ დავიღუპეთო, კი თქვეს ერთხმად. კახელი გივი, კახელ ვირზე ჯიუტი აღმოჩნდა და იმ დღესვე გაეშურა სასიმამროსთან, ძმაკაცებითურთ. სასიმამრომ სტუმრები მიიღო და მოუსმინა კიდეც.
ბევრი ილაპარაკეს ბიჭებმა, გივის კაიკაცობისა და ადამიანობის შესახებ, თავად გივიმაც არ დააკლო თავის თავს ქება-დიდება, ბოლოს კი სასიმამრომ იკითხა, დაამთავრეთ ლაპარაკიო? როცა თანხმობა მიიღო, უთხრა: ჰოდა, თუ დაამთავრეთ, სანამ არ მიცემიხართ, სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ და გაეყარეთ ჩემი სახლიდანო.
თან თვალები დაუბრიალა ნირწამხდარ ბიჭებს. პირველს გივის მოუწია გასვლა, უკან კი ძმაკაცები მიჰყვნენ. გამწარებულმა გივიმ ერთი მინგრეული ხის ჭიშკარი ჰქონდა, იმას ეცა და ცეცხლი წაუკიდა, მერე კი დათვრა და დაეძინა.
მეორე დილით, ძმაკაცების ხმამ გააღვიძა: გივი, ადე ჯოო, ჭიშკარი გააღე, ციცინო მოვიდაო, მაგრამ გარეთ გამოსულ გივის (ციცინოს ვინღა დაეძებდა), ეზოს კარიც აღარ დახვდა.