ივანიშვილის პარლამენტში ფასების კომისიის შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს, სადაც კომისიის დასკვნას განიხილავენ.
“სასურსათო ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს კონკრეტული პროდუქტის საბაზისო, დახლის ფასი, თუმცა, პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზაცია ფასდაკლებებით ხდება და საშუალო, შეწონილი ფასი მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე თავდაპირველი, დახლის ფასი.
გამოვლინდა, რომ პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში. კვლევამ აჩვენა, რომ დიდ ქსელებში, ჯაჭვში, ქსელიდან დაწყებული, მწარმოებლებით, იმპორტიორებითა და დისტრიბუტორებით დამთავრებული, ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ პრობლემა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.
ეს იმას ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში დამატებითი ხარჯი გროვდება, რომელიც პროდუქციის თვითღირებულებას აწვება. აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა, საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯაჭვს ერთიანობაში უფრო ეფექტურს გახდის და მომხმარებელი მნიშვნელოვნად უკეთეს ფასს მიიღებს, ვიდრე დღეს ბაზარზეა”, – თქვა კომისიის თავმჯდომარემ, ივანიშვილის დეპუტატმა, შოთა ბერეკაშვილმა.

