საკმაოდ თბილი და მოსიყვარულე ოჯახი მქონდა. ოცი წელი ისე ვიცხოვრეთ მე და ჩემმა ქმარმა ორ შვილთან ერთად ერთ ჭერქვეშ, ერთმანეთისთვის ხმა არ აგვიწევია. ერთ დღესაც გამომიცხადა, წლებია, საყვარელი მყავს და ჩემგან შვილიც შეეძინაო.
ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, თავიდან ვიფიქრე, მეხუმრება-მეთქი. სხვას რომ ეთქვა, ნამდვილად ვერ დავიჯერებდი. მოკლედ, დამიჯდა და ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა. ეტყობოდა, ჩემზე დიდად არ დარდობდა, რას განვიცდიდი ან რისი გადატანა მომიწევდა, უბრალოდ, შვილებზე ფიქრობდა, მასთან მინდა საცხოვრებლად გადასვლა და ამას როგორ მიიღებენო. ოფიციალურ განქორწინებაზე სიტყვაც არ დასცდენია.
ერთი სიტყვით, აიკრიფა გუდა-ნაბადი და წავიდა იმ ქალთან საცხოვრებლად. რამდენი ხანიც შემეძლო, ვმალავდი ამ ამბავს. კვირაში ერთხელ სახლშიც მოდიოდა სურსათ-სანოვაგით დატვირთული. მართალია, შვილებმა და მეც დიდი სტრესი მივიღეთ, მაგრამ არაფერი მოუკლია ჩვენთვის – არც ჩაცმა-დახურვა, არც დასასვენებლად გამგზავრება და არც ფუფუნების საგნები.
უფროსმა შვილმა სკოლა რომ დაამთავრა, მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, მანქანა უყიდა და სახლთან დაუყენა. მეშინოდა, ბავშვი ავარიაში არ მოყვეს-მეთქი და მასთან პირველი კონფლიქტი ამის გამო მომივიდა. ცივილურად კი მივიღე მისი პირადი ცხოვრება, სახლიდან წასვლა, საყვარელთან გადასვლა და შვილების დატოვება, მაგრამ გული ძალიან მტკიოდა.
თავმოყვარეობა შემელახა – ქალისთვის დიდი ტრავმაა, როცა მას საყვარელი მამაკაცი ტოვებს და სხვა ქალში ცვლის. არადა, ისე ვიცხოვრეთ ერთად, მართლა ვერ ვამჩნევდი, ასაკით პატარა საყვარელი თუ ჰყავდა. მოკლედ, სანამ ფულის შოვნა შეეძლო და ორივე ოჯახის უზრუნველყოფა, მანამდე უნდოდა გვერდით ჩემი ქმარი.
ხოლო, როგორც კი შემოსავალი შემოაკლდა, კონფლიქტებიც დაიწყო. რომ მოდიოდა, მიყვებოდა: ამერია, მასთან ურთიერთობა, სულ წუწუნებს, მოაკლდა ფული და ვეღარ მიტანსო. გულს მფხანდა მისი საუბარი, რომ მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე, მაგრამ მაინც განვიცდიდი, რომ ასე აირია ცხოვრება.
ბავშვებიც, რაც იზრდებოდნენ, მით მეტად ამტყუნებდნენ მამას, გაურბოდნენ, არ უნდოდათ მასთან ურთიერთობა. ამას ვგრძნობდი, მაგრამ არ ვერეოდი მამა-შვილების ცხოვრებაში. არც და მიიღეს დედმამიშვილად. რამდენიმეჯერ მოიყვანა ჩემმა ქმარმა ბავშვი, ულამაზესი გოგონაა, მაგრამ ბიჭებმა ზედ არ შეხედეს. ხშირად უთქვამთ: ის ისეთი დაა ჩვენთვის, როგორც მეზობლის ბავშვიო.
ბავშვს მართლა არაფერი დაუშავებია, მაგრამ არ უნდათ მისი დად აღიარება და რა ვქნა? მოკლედ, ბოლო ერთი წელი ჩემმა ქმარმა მოსვლას მოუხშირა. თითქმის ორ დღეში ერთხელ მოდიოდა და საათობით იჯდა. ბოლოს კი აღარ წავიდა. დარჩა და ჩვენთან ყოფნა ამჯობინა. სიმართლე გითხრათ, არც ნანობს, რომ იმ გოგოს დაუკავშირა ცხოვრება, ქალიშვილიც უყვარს, მაგრამ მათთან ცხოვრება არ უნდა.
ჩვენთან სულიერ სიმშვიდეს გრძნობს. ასაკში რაც შევიდა, მიხვდა, რომ ჩვენ მისთვის გაცილებით ძვირფასი ადამიანები ვართ. ისეთი გვიყვარს, როგორიც არის. ის გოგო ვერ ბედავს და ბავშვს არეკინებს: მამა, ეს მინდა, მამა ის მინდაო… ეს კი ნერვიულობს, უხსნის, რომ არ აქვს ამდენი ფული და როცა ექნება, უყიდის.
არადა, ჩემს შვილებს, არასოდეს დაურეკავთ მისთვის და არც არაფერი უთხოვიათ. კიდევ კარგი, დანაზოგი მაქვს. ფულს რომ მიგზავნიდა, გარკვეულ თანხას ყოველთვის ვდებდი გვერდით.
რასაკვირველია, ვერ მეტყვის მომეციო, მაგრამ ეს ფული ჩემს ოჯახს საკვებისთვის ცხოვრების ბოლომდე ეყოფა. ბიჭებიც მუშაობენ. არ აღიარებს, მაგრამ ვხვდები, ნანობს, რომ მიგვატოვა, ისეთ ადამიანში გაგვცვალა, ვისაც მხოლოდ მისი ფული აინტერესებდა.
ჩვენც არ ვამახვილებთ ყურადღებას, არც წარსულს ვახსენებთ. უბრალოდ, იმ ტკივილსა და შელახულ თავმოყვარეობას ახლა ვერანაირი საქციელით ვერ გამოისყიდის.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ქეთინო, 52 წლის.